Friday, December 29, 2017

ჰერტა მიულერი – ადამიანი ერთი ნაჭერი პურის ტოლფასია


ზვიად რატიანი, ფოტო: "ჯი–ეიჩ–ენი"


დღეს, 29 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ პოეტი ზვიად რატიანის ცემის საქმე განიხილა. მოსამართლე ქეთევან მინაშვილმა რატიანი წვრილმან ხულიგნობაში დამნაშავედ სცნო და ადმინისტრაციული ჯარიმა, 2000 ლარი დააკისრა. ისიც დაამატა, ახალი წელი რომ არ ყოფილიყო, ციხეშიც გაგიშვებდიო.

პოეტი ზვიად რატიანი ბნელ ქუჩაში სისტემამ უმოწყალოდ სცემა. ნაცემი კაცი აქეთ დაადანაშულა და ჯარიმაც დააკისრა. ნაცემ და დამცირებულ ადამიანს სისტემამ ცინიკურად მიანიშნა, რომ მისთვის უარესიც შეიძლებოდა გაეკეთებინა და ესეც შერჩებოდა.

2018 წელი მოდის, მაგრამ ჩვენ მხრებიდან ჯერ კიდევ ვერ გადავიგდეთ მძიმე საბჭოთა უღელი. უღელი, რომელიც ადამიანს – სახელმწიფოს უზენაეს საყრდენს – აჩიავებს, ამცირებს და აუფასურებს. მას ერთი ნაჭერი პურის ტოლფასს ხდის. სწორედ ასე ჰქვია ჰერტა მიულერის ნაწარმოების "მელა მაშინ უკვე მონადირე იყო" (გამომცემლობა "არტანუჯი", მთარგმნელი თამარ კოტრიკაძე) ერთ–ერთ თავს, რომელიც ზვიად რატიანის საქმეს მინდა დავუკავშირო.

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ადამიანი ერთი ნაჭერი პურის ტოლფასია


გზისპირს ცხენი მიუყვება, გვერდით კაცი მიჰყვება და სიმღერას უსტვენს. სიმღერა მის ნაბიჯებზე უფრო ნელია, ფლოქვების ხმა ტაქტს ხელს არ უშლის. კაცი ფეხქვეშ იყურება. მტვერი ყოველ დილით დღეზე უფრო ხნიერია.

ადინა სიმღერას ფეხის გულებით შეიგრძნობს, კაცის პირიდან ამოტყორცნილი სიმღერის ტექსტი გოგოს შუბლში ეხლება:

მუდამ მაწევს ფიქრი გაუსაძლისი, სახლი და ყანა გავცე, გავყიდო...

ჩია კაცი, თხელი თოკი, ზორბა ცხენი.

თოკი ცხენისათვის თხელია, კაცისათვის კი სქელი. თოკმობმული კაცი ჩამომხრჩვალია. ისევე, როგორც მრავალი წლის წინათ გარეუბანში ჩამომხრჩვალი მკალავი.

ერთ მშვენიერ დღეს, როცა მისი მილებიანი, სარწყავებიანი და სასაფლაოს ჯვრებიანი ვიტრინის წინ ჩვეულებისამებრ ტრამვაიმ ჩამოიარა, მკალავი მინის მიღმა ჩამომხრჩვალი ეკიდა.

მგზავრები ტრამვაის ფანჯრებთან ჩამწკრივებულიყვნენ, თითოეულს იღლიაში ბატკანი ჰყავდა ამოდებული, რადგან აღდგომა ახლოვდებოდა.

ცეცხლი ქვაბებს აღარ ხრავდა, მაგრამ არც მკალავს სწვდომია უკანალში, როგორც მას უყვარდა გამეორება. სიკვდილმა მას ყელში წაუჭირა ყულფი.

მისმა ნაკლულმა თითებმა თოკი მოძებნეს და მარყუჟად შეკრეს. ჩამომრჩვალი იმ კაცმა იპოვა, სასაკლაოზე რომ მუშაობდა და დალაქის კატა კარებისკენ რომ ისროლა. მან მკალავს ღუმელის საკვამური შეუკვეთა და მის წასაღებად მოვიდა. დალაქისგან მოდიოდა, თმა ახალი შეჭრილი ჰქონდა, ნიკაპი – ახლად გაპარსული, ბალახის ზეთის სუნი ასდიოდა. დალაქი კი ამბობდა, ლავანდის წყალიაო, მაგრამ მის მიერ გაპარსულ მამაკაცებს ყველას ერთნაირად უპრიალებდათ სახე და ბალახის სუნი ასდიოდათ.

ბალახის სუნიანმა კაცმა ჩამომხრჩვალი რომ დაინახა, სულ პირველად ეს თქვა: ასეთ კარგ ხელოსანს ასეთი იაღლიში როგორ მოუვიდაო. რადგან მკალავი კარის წინ იატაკიდან სულ ოდნავ შემაღლებაზე ეკიდა მრუდედ და რომ მოენდომებინა, შეეძლო ცერებს დაყრდნობოდა და თავი გადაერჩინა.

ბალახის სუნიანმა კაცმა ხელი ჩამომხრჩვალის თავს ზევით ასწია, თოკი შეამოწმა და თქვა, ცოდოა ასეთი კარგი თოკის გაფუჭებაო. თოკი არ გადაუჭრია, მარყუჟი მოასუსტა და მკალავი ძირს ჩამოვარდა. ტყავის წინსაფარი მოიკეცა, თვით ჩამომხრჩვალი კი არ მოხრილა, მხრით იატაკს დაეცა, თავი ჰაერში დარჩა. ბალახის სუნიანმა კაცმა მარყუჟი გახსნა და თოკი ცერა თითსა და იდაყვს შორის დაიხვია, ბოლოში გაკვანძა. ეს თოკი სასაკლაოზე გამომადგებაო.

მკერავმა ქალმა ბრტყელტუჩა და ახალი, მბზინავი ლურსმნები წინსაფრის ჯიბეში ჩაიწყო. თავი დახარა და მაგიდაზე მდგარ მაღვიძარას მისი ცრემლები დაეცა. ციფერბლატზე ლოკომოტივი მოძრაობდა. სწორედ ის იყო, რომ ტიკტიკებდა. მკერავმა ისრებს დახედა და ერთ–ერთ სარწყავს დასწვდა, ეს მისი საფლავის მოსავლელად გამომადგებაო. ბალახის სუნიანმა კაცმა თქვა, რა ვიციო, და თავისი საკვამურის ძებნას შეუდგა.

დალაქმა კი თქვა, მკალავი ერთი საათის წინ ჩემთან იყო, პირი გავპარსე. შეშრობა ვერ მოასწრო, უკვე თავი მოიკლაო. დალაქმა ჯიბეში ქლიბი ჩაიდო. მერე ბალახის სუნიან კაცს გადახედა და უთხრა, ვინც ჩამომხრჩვალის თოკს ჭრის, ის საკუთარ თავს უმზადებს მარყუჟსო. კაცს იღლიაში სამი საკვამური ამოედო, მიუბრუნდა, დახვეული თოკი უჩვენა და თქვა, აი, ნახე, თოკი მთელიაო.

ადინამ ჩამომხრჩვალის გვერდით იატაკზე მოკალული ქვაბების გროვა დაინახა. ქვაბებს შიგნიდან გახუნებული და დამსკდარი ემალი ეკრო. ზედ ოხრახუშისა და ხახვის ფოთლები, ნივრის კბილები, კიტრი და პომიდორი – გარეუბნის ყველა ბოსტნისა და მინდვრის ნობათი, ყველა ეზოსა და ბოსელში მობინადრე პირუტყვის ხორცი იყო გამოსახული.

ყველამ მაშინღა დაიხია უკან და გვამს თითო ნაბიჯით მოშორდა, როცა ექიმი შემოვიდა, გეგონებათ, შიში მხოლოდ ახლა შეიგრძნესო. ყველა დადუმდა და სახე გაეყინა, თითქოს სიკვდილი ექიმს შემოატანა.

ექიმმა მკალავი სულმთლად გააშიშვლა, თან ქვაბებს უცქერდა. უსიცოცხლო ხელებს სახელოებიდან რომ აძრობდა, თქვა, ვერ გამიგია, ქვაბების მოკალვას როგორ ახერხებდა, როცა ორივე ხელზე სამად–სამი თითი ჰქონდაო. მკალავის შარვალი ძირს რომ დააგდო, ჯიბიდან ორი გარგარი გადმოგორდა. იმ ცეცხლივით ყვითელი იყო, ქვაბებს რომ აღარ მოკალავდა, თან მრგვალი და გლუვი. მაგიდის ქვეშ რომ შეგორდა, სინათლის სხივები გამოისროლა.

მკალავს ყელზე ძველებურად ეკეთა ძეწკვი, ოღონდაც ზედ ბეჭედი აღარ ეკიდა.

მას მერე რამდენიმე დღის განმავლობაში ხეების ქვეშ ჰაერს მწარე სუნი ჰქონდა, მოკირულ კედლებსა და ასფალტის ბზარებში ადინას გამუდმებით ის ძეწკვი ელანდებოდა. გოგონა პირველ საღამოს მკერავზე ფიქრობდა, მეორე საღამოს – იმ კაცზე, ბალახის სუნი რომ უდიოდა. შემდეგ დღეს დალაქი მოაგონდა, შებინდებისას კი – ექიმი.

მკალავის სიკვდილიდან ორი დღე იყო გასული, როცა ადინას დედამ ბოლოკის მინდორი გადაიარა და იმ სოფელს ესტუმრა, რომლის თეთრი გალავნებიც გარეუბნიდან მოჩანდა. აღდგომა ახლოვდებოდა და ბატკანი იყიდა. იქ, მეცხვარეებთან, ადინას დედას უთხრეს, რომ ჩამომხრჩვალთან ვიღაც ბავშვი ყოფილა, უცხო ბავშვი, რომელსაც ძეწკვიდან ოქროს ბეჭედი მოუხსნია და წაუღია. იმ ბეჭდის ფასად ქსოვილის ყიდვა შეიძლებოდა მკალავის კუბოზე გადასაკრავად. მისი სახელოსნოს მაგიდის უჯრაში ნაპოვნი ფული ხომ მხოლოდ უხეში ფიცრებისაგან შეკრულ ყუთს ეყო, კუბო კი არა, ხის კოსტიუმი რომ ეთქმოდა. [...]