Monday, September 25, 2017

"ხმაური და მძვინვარება" და მისი მაკბეთური სათაური


უილიამ ფოლკნერის "ხმაურისა და მძვინვარების" სათაური აღებულია შექსპირის "მაკბეთის" გმირის მონოლოგიდან. რომანის ზოგადი აზრი ამ სიტყვებშია გარდატეხილი, მეტაფორულად გამოხატავს მის არსებით მხარეს, განფენილია მის იდეურ–მხატვრულ ქსოვილში, მაგრამ თვით ნაწარმოებში მაკბეთის ეს სიტყვები და მით უმეტეს, მაკბეთის მთელი მონოლოგი კონკრეტულად არსად არაა მითითებული, გადაკვრითაც არაა ნახსენები. ალბათ ამით აიხსნება ის ფაქტიც, რომ ვირჯინიის უნივერსიტეტში სემინარზე ფოლკნერს კიდეც ჰკითხეს, ამ რომანის სათაური ნამდვილად "მაკბეთიდან" მომდინარეობს თუ არაო, რაზეც მწერალმა არა მარტო თანხმობით უპასუხა, არამედ კიდეც დაურთო: "ამ მონოლოგის მიხედვით მთელი დუჟინი წიგნის დასათაურება შეიძლება. ვფიქრობ, ყველაზე კარგი სიტყვები მე შევარჩიე. თუმცა ექვს ან შვიდ წიგნსაც, ყველას ამავე მონოლოგიდან დავასათაურებდი".

Friday, September 22, 2017

პოლ ოსტერი: "რაც შეიძლება ხშირად უნდა ვისაუბრო ღიად, სხვანაირად ცხოვრება არ შემიძლია..."

პოლ ოსტერი, ფოტო: ტიმ ნოქსი / "გარდიანი"



სულ ცოტა ხნის წინ ინგლისურენოვან ლიტერატურაში ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს – ბუკერის პრემიის ნომინანტთა სია გამოქვეყნდა. ჩამონათვალში მოხვდა თანამედროვე ლიტერატურის ერთ–ერთი ყველაზე მძიმეწონიანი და თვალსაჩინო წარმომადგენელი პოლ ოსტერი რომანით "4 3 2 1", რომელიც მან 70 წლის ასაკში დაწერა. ოსტერის ბიოგრაფია, შემოქმედება, უკანასკნელი რომანი და მისი მსოფლმხედველობა – ეს არის ის ძირითადი საკითხები, რომელიც ამერიკელი მწერლისა და ბრიტანული "გარდიანის" ურთიერთობის ფოკუსში მოექცა. ოსტერთან ინტერვიუ "გარდიანმა" 2017 წლის იანვარში ჩაწერა.