Monday, September 25, 2017

"ხმაური და მძვინვარება" და მისი მაკბეთური სათაური


უილიამ ფოლკნერის "ხმაურისა და მძვინვარების" სათაური აღებულია შექსპირის "მაკბეთის" გმირის მონოლოგიდან. რომანის ზოგადი აზრი ამ სიტყვებშია გარდატეხილი, მეტაფორულად გამოხატავს მის არსებით მხარეს, განფენილია მის იდეურ–მხატვრულ ქსოვილში, მაგრამ თვით ნაწარმოებში მაკბეთის ეს სიტყვები და მით უმეტეს, მაკბეთის მთელი მონოლოგი კონკრეტულად არსად არაა მითითებული, გადაკვრითაც არაა ნახსენები. ალბათ ამით აიხსნება ის ფაქტიც, რომ ვირჯინიის უნივერსიტეტში სემინარზე ფოლკნერს კიდეც ჰკითხეს, ამ რომანის სათაური ნამდვილად "მაკბეთიდან" მომდინარეობს თუ არაო, რაზეც მწერალმა არა მარტო თანხმობით უპასუხა, არამედ კიდეც დაურთო: "ამ მონოლოგის მიხედვით მთელი დუჟინი წიგნის დასათაურება შეიძლება. ვფიქრობ, ყველაზე კარგი სიტყვები მე შევარჩიე. თუმცა ექვს ან შვიდ წიგნსაც, ყველას ამავე მონოლოგიდან დავასათაურებდი".

ფოლკნეროლოგები ერთხმად აღიარებენ, რომ სათაური ძირითადად შეესატყვისება რომანის პირველ ნაწილს, ზოგი მათგანი უფრო შორსაც მიდის. უ. ო'კონორი და კ. ბრუკსი რომანის მთავარი თემის გასაგებად დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ მაკბეთის მონოლოგს, ბრუკსი ზოგად შტრიხებში ადგენს კავშირს მაკბეთის სიტყვებსა და "ხმაურისა და მძვინვარების" პირველ სამ ნაწილს შორის, მაგრამ როგორც ო'კონორი, ისე ბრუკსი ნაადრევად სვამენ წერტილს და აღარ იძლევიან ამ მოსაზრებათა შემდგომ განვითარებას.

კ. კოლინზი პირველ, მეორე და მესამე ნაწილებშიც პოულობს მაკბეთის მონოლოგის ცალკეულ სახეთა და გამოთქმათა შორეულ გამოძახილებს, რომლებიც, მისი აზრით, კონტექსტში სიმბოლურ მნიშვნელობებს იძენენ. თავის სიმბოლურ საინტერესო მიგნებებს კოლინზი რომანის ერთ–ერთ "სტრუქტურულ სისტემადაც" კი აცხადებს, მაგრამ ვეღარ ადგენს თანმიმდევრულ შინაგან ლოგიკურ კავშირს მაკბეთის მონოლოგის მოტივთა და ფოლკნერის რომანს შორის, რაც რ. ჩეიზს საბაბს აძლევს კრიტიკულად შეაფასოს კოლინზის "სისტემა", ხოლო თავად შექსპირული მონოლოგის ფუნქცია რომანში დაიყვანოს "სიტყვიერ ექომდე, რომელიც ზოგად მუსიკალობის გამდიდრებას ემსახურება".

ლ. ტომპსონის აზრით, შექსპირის ტრაგედიის ბოლო მოქმედების ამ მონოლოგში მაკბეთი ცდილობს ჩადენილი დანაშაულებისათვის პასუხისმგებლობა გადააბრალოს დროის დინების სისასტიკეს. ფოლკნერის პროტაგონისტებში – კვენტინში, ჯეისონსა და მათ ახლობლებში ტომპსონი ხედავს მაკბეთურ თვითგამართლების "ირონიულ", ანუ სახეშეცვლილ გარდატეხას. მისი სიტყვებით, ყოველი მათგანის ხასიათში მთავარია სულისეული ქაოსი, რომლის ძირები საძიებელია მათ ეგოიზმში. ამავე დროს, ყოველ მათგანს საკუთარი თავი ებრალება და ცდილობს საკუთარი თავის გამართლებას, ყოველი მათგანი თვლის, რომ გარემოთა, ვითარებათა და რაღაც აუხსნელი, კონტროლს დაუქვემდებარებელი ძალების მსხვერპლია. ფოლკნერის ამ გმირთა ერთი ნიშნის ქვეშ მოქცევა უჩვეულო და აუხსნელიცაა: კომპსონებს შორის სწორედ ჯეისონი და დედამისიც ყველაზე ნაკლებად განიცდიდნენ შინაგან ქაოსს, თუმცა სხვა კომპსონებზე მეტად იყვნენ საკუთარ თავზე შეყვარებულნი და ეგოისტურნი; რაც შეეხება კომპსონების მამასა და კვენტინს, სწორედ ესენი ყველაზე ნაკლებად იყვნენ თავკერძნი და ყველაზე მეტად მათ აწუხებდათ შინაგანი ქაოსი. ტომპსონის მოსაზრებას რომც დავეთანხმოთ, თითქოს აღნიშნულ მონოოგში მაკბეთი თავის შინაგან ქაოსსა და დანაშაულებს ყოფიერების ამაოებით ამართლებდეს, მაინც დანაშაულისა და მისი გამართლების ასპექტში მაკბეთსა და ფოლკნერის რომანის გმირთა შორის კავშირი, თუნდაც ე.წ. "ირონიუი" კავშირი მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს.

მაკბეთის სიტყვებსა და რომანს შორის შესატყვისობა თუმცა სქემატურადაცაა გაგებული, მრავალმხრივ სადავოცაა ეს ინტერპრეტაციები, მაგრამ უდაოდ მნიშვნელოვანია თვით ის ფაქტი, რომ ფოლკნეროლოგიაში უკვე მკვიდრდება გარკვეული მოსაზრება, რომ სათაური "ხმაური და მძვინვარება" პასუხობს არა მარტო პირველ ნაწილს, არამედ მეორე და მესამე ნაწილებსაც, ანუ უმთავრეს ამბებს რომანისას. მაკბეთის სიტყვებისა და ფოლკნერის რომანის შედარებისას შეინიშნება და კიდეც დგინდება უფრო ღრმა შინაგანი კავშირი, ვიდრე აქამდე იყო წარმოდგენილი ფოლკნეროლოგიაში. ბოლო, მეოთხე ნაწილიც არ რჩება სათაურს მიღმა.

სათაურის "ხმაური და მძვინვარების" მთელ ნაწარმოებთან მიმართების კონკრეტულად კვლევას უდიდესი მნშვნელობა აქვს არა მარტო ფოლკნერის რომანის გაგების თვალსაზრისით, არამედ შექსპირის თანამედროვე გაგების თვალსაზრისითაც. მეტად მნიშვნელოვანია იმის დადგენაც, თუ აღორძინების ეპოქის დიდ მოაზროვნესა და ხელოვანს როგორ კითხულობს და აღიქვამს თანადროულობა. თანამედროვე უმწვავესი პრობლემების გასააზრებლად და გადმოსაცემად როგორ პოულობს მის შემოქმედებაში დაუშრეტელ წყაროს. ამის საუკეთესო მაგალითად უნდა ჩაითვალოს მეოცე საუკუნის გამოჩენილი ამერიკელი მწერალი უილიამ ფოლკნერიც, შექსპირის დიდი მოთაყვანე და ღრმა მცოდნე, რომელიც არაერთგზის იყენებდა შექსპირულ მოტივებს, თემებს, სახეებს, მხატვრულ სპეციფიკასა და ა.შ. ბევრი სიმბოლოს, შედარების, ტროპისა თუ ზოგადი აზრის სიღრმესა და მხატვრულობას მათი პარალელიზმით აღწევდა. ამიტომ შემთხვევითი როდია, რომ კომპსონების ტრაგედიის გასაგებად, გასაშიფრად და მხატვრული განზოგადებისათვის მან აღმოაჩინა სანდო გასაღები – მაკბეთის სიტყვები.

***

შექსპირის "მაკბეთი" ადამიანური მორალური დაცემის ტრაგედიაა. აღორძინების ეპოქის დიდი ჰუმანისტის რწმენით ადამიანური სიკეთისა და კეთილშობილების დამგმობს უსათუოდ სამაგიერო მიეზღობა, უსათუოდ დამარცხდება ფიზიკურად და სულიერადაც. "მაკბეთი" ღრმა ფსიქოლოგიური დრამაა, რომელშიც ნაჩვენებია ტრაგიკული გმირის ზნეობრივად დაცემის, დანაშაულებამდე და ბოროტმოქმედებამდე დაქანების რთული სულიერი პროცესი, ამ პროცესის წარმომქმნელი და მამოძრავებელი ძალა – პატივმოყვარეობის აღზევება, ტახტის დაპყრობისა და ძალაუფლების მოპოვების ბობოქრული სურვილი. მაკბეთის ტრაგედია სწორედ ისაა, რომ მას, როგორც ადამიანს, გამარჯვება ეწადა, მაგრამ იგი ზნეობრივ გზას ააცდინეს კუდიანებმა, რომლებიც მისი პატივმოყვარული სურვილების სიმბოლოები არიან, მაკბეთის მუხანათობა კირალოსანივით მოჰყვა ერთმანეთს, მან თავი ვეღარ დააღწია ბოროტების მორევს და, როგორც ადამიანი, დამარცხდა. მაკბეთის დაცემა სრულია, მთლიანი, იგი, სულიერად დამარცხებულია და მით უმეტეს ფიზიკურად. მისი დამარცხება არ იმოსება საბოლოოდ სიკეთის იდეის გამარჯვების შარავანდედით. ამიტომაც ითვლება მაკბეთი შექსპირის ტრაგიკულ გმირთა შორის ყველაზე უფრო ტრაგიკულ გმირად. შექსპირის მაღალზნეობისათვის მებრძოლი გმირები ფიზიკურად სწორედ იმიტომ მარცხდებიან, რომ სულიერად იმარჯვებენ, იდეალს ეწირებიან. მათი ფიზიკური დამარცხება მათი იდეალების გამარჯვების მაუწყებელია, ამდენად, ისინი დამარცხებას არ მიჰყავს ცხოვრების ამაოების შეგრძნებამდე. ჰამლეტის ფიზიკური დამარცხებაც არ ნიშნავს მის სულიერ კრიზისს. ჰამლეტზე აქ იმიტომ ვლაპარაკობთ, რომ შექსპირის გმირებს შორის მჭმუნვარე დანიელი პრინცი ყველაზე უფრო მწვავედ იტანჯებოდა ცხოვრების ამაოების ეჭვებით, ყველაზე ახლოს იყო მისული "მსოფლიო სევდის" ზღვართან, მაგრამ ტრაგედიის დასასრულში აღარ იჭრება ჰამლეტური პესიმიზმი, "ჰამლეტი" ადამიანურობის, სიკეთის, ცხოვრების რწმენის გამარჯვებით სრულდება. იგივე ითქმის ოტელოზე, ლირზე და სხვ. მაკბეთი კი ტრაგედიის დასასრულს უკვე განძარცულია ადამიანური ღირსებებისგან. მან თავად აქცია თავისი ადამიანური სტატუსი ამაოებად, იგი გრძნობს, რომ მისი ფიზიკური აღსასრულიც გარდუვალია და სასოწარკვეთილი ცხოვრების ამაოების მწარე აღიარებამდე მიდის:

"...ხვალე ხვალს მოსდევს
და წვრილ ნაბიჯით დღე დღის უკან მიიზლაზნება,
ვიდრე ჟამთ ბრუნვა უკანასკნელ საათს დაჰკრავდეს.
გუშინდელთა დღეთ უგუნურებს გზა გაუნათეს
მიწად გარდამქცევ სიკვდილამდე... ოჰ, შენ ხან–მოკლე
მანათობელო! გაჰქერ, გაჰქერ!.. სიცოცხლე მხოლოდ
ჩრდილი ყოფილა მოარული; ტაკი–მასხარა,
რომელსაც ვიდრე დრო აქვს, ადის მაღალ სცენაზედ
და იჭიმება, იგრიხება მთლად გაქრობამდე.
სულელის ენით მოთხრობილი ამბავი არის,
თუმც უმნიშვნელო, მაგრამ სავსე აურზაურით".

ეს მონოლოგი ივანე მაჩაბლის თარგმანის ერთ–ერთ საუკეთესო ნიმუშად ითვლება. სიტყვები "ხმაური და მძვინვარება" მასში თარგმნილია, როგორც "აურზაური", რომელიც კონტექსტში ადეკვატურად გამოხატავს შექსპირის აზრს. მაგრამ ქართულ თარგმანში კონტექსტიდან "ამოგლეჯის" შემდეგ სიტყვა – "აურზაური" მაშინვე იცლება შექსპირის აზრისაგან. ამიტომ, საჭიროდ ჩავთვალეთ შექსპირის სიტყვების – "the sound and the fury" სიტყვა–სიტყვითი თარგმანი – "ხმაური და მძვინვარება" გვეხმარა ფოლკნერის სათაურში. ცალკე აღებული სიტყვა "აურზაური" ფოლკნერის რომანის მიმართ შეუფერებელი და არაფრის მთქმელია, ხოლო სიტყვებში – "ხმაური და მძვინვარება" კომპსონების ტრაგედიის არსი აშკარად გამოსჭვივის.

თავად მაკბეთის ტრაგედიის მთელი არსი ამ მონოლოგით გვირგვინდება, მაგრამ თვით დრამა მთლიანად მას გმობს, ცხოვრების გამარჯვებას ამტკიცებს. მაკბეთს ამარცხებენ სიმართლე და სიკეთე. ცხოვრება უაზრო ტაკიმასხარობად მხოლოდ თვით მაკბეთს ესახება. ცხოვრების ამაოების გაგებამდე იგი მიჰყავს დანაშაულისა და ამდენად გარდუვალი დამარცხების მწვავე შეგრძნებას. მაკბეთმა ამ მონოლოგით საკუთარ დანაშაულსა და მისგან მომდინარე გარდუვალ მარცხს განაჩენი თავად გამოუტანა, მისი სახით შექსპირმა ყოველგვარ დანაშაულსა და ბოროტებას.

საერთოდ, შექსპირთან, და "მაკბეთშიც", დროის პრობლემა ბევრნაირ ასპექტშია დასმული. ზემოხსენებულ მონოლოგშიც, რომელიც ფოლკნერმა საფუძვლად დაუდო თავის რომანს, ყურადღებას იპყრობს დროის პრობლემა – როგორია ტრაგიკული გმირის მიმართება ობიექტური დროის დინებისადმი, როგორია მის მიერ დროის განცდა?

ამ მონოლოგში მაკბეთი დროს აღიქვამს მხოლოდ სუბიექტურად, რაც ფსიქოლოგიურად სავსებით გამართლებულია. მონოლოგის წარმოთქმის მომენტში მაკბეთი უკვე განძარცულია იმედებისგან, მისი ერთგული თანამოზიარე და ბოროტების წამქეზებელი ლედი მაკბეთი ის–ის არის გარდაიცვალა, მაკბეთი ჩაფლულია მისივე დანაშაულის მორევში, მისი ბედ–იღბალი სასწორზე ჰკიდია. იგი შიშნარევი ემზადება სამკვდრო–სასიცოცხლო შეტაკებისათვის, მისი აღზევების აღსასრული ახლოვდება, უაღრესად დაძაბულია, გამწარებული ყვირის ლედი მაკბეთზე, რა დროს სიკვდილი იყო, ხვალ ვერ მოასწრებდაო, მხოლოდ პირადი ბედ–იღბალი აწუხებს და ყვეალფერს ზომავს საკუთარი ინტერესებით; მოვლენებს, დროს, სამყაროს, ცხადია, აღიქვამს მხოლოდ საკუთარი განწყობილების შესაბამისად.

როგორ უკუღმართადაც წარმართა მაკბეთმა თავისი ცხოვრება, ისე უკუღმართად ესახება მას დროის დინებაც. მომავალი მისთვის არსებობს იმდენად, რამდენადაც სულმუდამ წარსულშია დაძირული. ყოველი მომავალი შეიცავს წარსულს. წარსული კი არ შეიცავს მომავალს. მაკბეთისათვის მომავალი – "ხვალ" სხვა არა არის რა, თუ არა გზა "მიწად გარდამქცევ სიკვდილამდე", რადგანაც ყოველგვარი ხვალ, რომელიც თითქოს ზლაზვნით მიიწევდა წინ, დროთა ვითარებაში მაინც იქცეოდა მხოლოდ "გუშინდლად". "გუშინ" კი მაკბეთისათვის იყო მხოლოდ დანაშაულებანი, რომელიც მას დამარცხებისაკენ მიაქანებდნენ, ამიტომ მის წარმოდგენაში ყოველი "გუშინ" და, ამდენად, საერთოდ ცხოვრება ჩრდილი ყოფილა მოარული, ხანმოკლე ნათელი, რომელიც უაზროდ მცირე ხნით კიაფობს და მერე ქრება, მისი გაქრობა გარდუვალია. ცხოვრება ამაოებაა.

აქვე უნდა აღინიშნოს, დროის პირადული სუბიექტური განცდა მაკბეთს საზოგადოდ დროის დინების ობიექტურ კანონზომიერებად ესახება, ე.ი. გასუბიექტებული დროის დინების განცდა აჰყავს აბსოლუტში და მის ობიექტივიზაციას მიმართავს. მაგრამ ეს როდი ნიშნავს, რომ შექსპირი თავისი გმირის მიერ დროის განცდას იზიარებდეს. პირიქით, აღორძინების დიდი ჰუმანისტი და მოაზროვნე თვით დროის ობიექტურ დინებაში ხედავს იმედს, კაცობრიობის ხსნას, წარსულს მარად მიჰყვება აწმყო და ნუგეშმცემელი მომავალი. მაკბეთებს მარად დაამარცხებენ მალკოლმები და მაკდუფები, ხოლო მაკბეთისათვის მომავალი მარად იქცევა უაზრო წარსულად, მომავალს არ ექნება დაუსრულებელი წინ სწრაფვა, არამედ უკან, წარსულისაკენ დაიხევს. განწირული მაკბეთისათვის დრო პროგრესს კი არ ნიშნავს, არამედ რეგრესს.

ამგვარად, დანაშაულისა და დამარცხების მწვავე განცდა იწვევს დროის სუბიექტურ აღქმას, რომელიც შეიძლება დავიყვანოთ მოკლე ფორმულამდე; დროის დინება, ჟამთა ცვლა ამაოა, რადგანაც მომავალი მარად წარსულია. წარსული კი უაზროა, უშედეგოდ ქრება, მაშ ცხოვრება სხვა არა არის რა, თუ არა იდიოტის, სულელის მიერ მოჩმახული ამბავი, აღსავსე ამაო აურზაურით, ხმაურით, მძვინვარებით, მღელვარებით, რომელიც უკვალოდ ქრება, არავითარი ფასი, აზრი და მნიშვნელობა არა აქვს.

ამ პესიმისტურ დასკვნამდე მიდის მაკბეთი, ამით მთავრდება მისი ტრაგედია, ხოლო ფოლკნერის რომანი "ხმაური და მძვინვარება" ამ ფორმულით იწყება, ამ მაკბეთურ მოტივზეა აგებული და ძირითადად მას ეყრდნობა. შეგნებულად თუ შეუგნებლად ფოლკნერის რომანის გმირები მაკბეთური მსოფლაღქმისა და ტანჯვათა შერეული მემკვიდრეები არიან.

***

"ხმაური და მძვინვარება" ფოლკნერის ერთ–ერთ შესანიშნავ რომანადაა მიჩნეული. თვით ავტორი თავის საუკეთესო, ყველაზე მეტად საყვარელ წიგნად თვლის. თუ გავიხსენებთ მწერლის ე.წ. "მარცხის" თეორიას, რაც, ფაქტობრივად, ნიშნავს ძნელად შესამჩნევის წვდომასა და წარმოჩენას, ძნელად სათქმელის თქმასა და მხატვრულად დამაჯერებლად წარმოსახვას, მაშინ, გასაგებია, რატომ ასახელებს ფოლკნერი ამ რომანს თავის საუკეთესო "დამარცხებად", ანუ ფაქტობრივად მხატვრულ გამარჯვებად. მას როცა ჰკითხეს, "თქვენს საუკეთესო წიგნად რომელი მიგაჩნიაო", ფოლკნერმა განუმარტა: "მხოლოდ ის წიგნი, რომელიც ყველაზე უფრო ტრაგიკულად და ყველაზე მეტად ბრწყინვალედ დამარცხდა. ეს იყო "ხმაური და მძვინვარება", წიგნი, რომელზედაც ყველაზე დიდხანს ვმუშაობდი, ყველაზე უფრო გულმოდგინედ. მე შეპყრობილი ვიყავი ყველაზე უფრო ძლიერი ამაღელვებელი იდეით და შევქმენბი ყველაზე მეტად ბრწყინვალე მარცხი, მას ჩემს საუკეთესო წიგნად ვთვლი. არა, საუკეთესოც შეუფერებელი სიტყვაა, ეს არის ჩემ იყველაზე მეტად საყვარელი წიგნი".

"ხმაურსა და მძვინვარებას" შეიძლება ეწოდოს ისტორიული რომანიც, სოციალურიც, რომანტიკულიც, ფსიქოლოგიურიც, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, თუ შეიძლება ასე ითქვას, ეს ფსიქოლოგიური, "ცნობიერების" რომანია, რომლის ყურადღების ცენტრში მოქცეულია თანამედროვე ამერიკის "დაღუპული თაობის" განცდათა სფერო, მათი დეფორმირებული ფსიქიკა, ცნობიერება მეტად მძაფრად, დიდი გზნებით, განუმეორებელი მხატვრული ოსტატობითაა გადმოცემული მეოცე საუკუნეში ბურჟუაზიულ სამყაროში ადამიანის დამარცხება, უსასოობა, დაცემა, დაკნინება, შინაგანი ტკივილები, ავადმყოფური ფსიქიკა.


უილიამ ფოლკნერი


რომანში მოთხრობილია სამხრეთის ყოფილი პლანტატორულ–არისტოკრატიული ოჯახის, კომპსონების უკანასკნელ შთამომავალთა ისტორია. ფოლკნერის სიტყვებითვე რომ ვთქვათ, ადამიანი არ არსებობს თავის თავად, ის მრავალი ფაქტორის ჯამია – გარემოსი, მომავლისაც, მაგრამ პირველ ყოვლისა წარსულისა, წინაპართა. კომპსონების ხასიათები, ფსიქიკა, ბედ–იღბალი სავსებით ემთხვევა ზემონათქვამს. ისინი, მართლაც ჯამი არიან წარსულია და აწმყოსიც, წინაპართა და თანადროულობის, მსხვერპლნი იმ სამყაროსი, რომელიც მეტაფორულად რომ გამოვხატოთ, გამსჭვალულია მაკბეთური ცოდვით, დანაშაულებით, მორალური დაცემულობით.

კომპსონები, ძლიერი ემოციების ადამიანები, ავადმყოფურად არიან შეპყრობილნი დაკარგულობისა და განწირულების შეგრძნებით. მათი ცხოვრება, ურთიერთობანი, ცნობიერება აღსავსეა ადამიანური ურთიერთგაგებისა და ზნეობრივი სიწმინდის ძიებით, ძლიერი ვნებებით, მღელვარებით, მოუსვენრობით, ერთი სიტყვით, შეუნელებელი "ხმაურითა და მძვინვარებით", მაგრამ ყვეალფერი ამაოდ იხარჯება. ისინი უმოწყალოდ იღუპებიან, მათი "ხმაური და მძვინვარება" უაზროდ იფანტება, მათი ცნობიერების წამება, მაკბეთის სიტყვებითვე რომ ვთქვათ, "უმნიშვნელოდ" ქრება.

კვენტინი, კომპსონების უფროსი ვაჟიშვილი, ოცდაერთი წლის ასაკში თავს იკლავს, კომპსონების ერთადერთი ქალიშვილი კენდეისი, ანუ კედი, როგორც ოჯახის სახელის შემბღალავი, მშობლიური კერიდან განდევნილი, ბოლოს ნაცისტი გენერლის საყვარელი ხდება; მეორე ძმას ჯეისონს, რომელიც ცდილობდა, არ ეკომპსონა, თანაც საეჭვო ხერხებით ფულს აგროვებდა, დისშვილი გაქურდავს; უმცროსი ძმა, ბენჯამინი, ანუ ბენჯი, იდიოტია. მამას ნაღველში, სკეპტიციზმსა და ლოთობაში სული აღმოხდება. დედა, რომელიც მუდამ ქალბატონობდა, ვიდრე შვილებს დედობას უწევდა, ეს იპოქონდრიკი ქალი, თავის დღე და მოსწრება, ავადმყოფობასა და კვნესა–ჩივილში ატარებს. კედის უკანონო ქალიშვილი, დაღუპული ბიძის პატივსაცემად და მოსაგონრად კვენტინა რომ დაარქვეს, ჩვიდმეტ–თვრამეტი წლის ასაკს მიაღწევს თუ არა, სახლიდან გაიპარება მოხეტიალე დასის მსახიობებთან ერთად, თან გაიტაცებს ჯეისონის ფულს, რომლის დიდი წილი ფაქტობრივად მას ეკუთვნოდა და ბიძას ჰქონდა მითვისებული.

კომპსონების ყოფილი დიდებიდან თითქმის აღარაფერი რჩება. გუბერნატორებისა და გენერლების დიდებული მამული და კარ–მიდამო, რომელიც იოკნაპატოფას ოლქის ცენტრალური ქალაქის, ჯეფერსონის შუაგულში მდებარეობდა, მთლად გაპარტახდება. უკანასკნელი მიწის ნაკვეთი კომპსონებმა გოლფის კლუბს მიჰყიდეს, რათა კვენტინი ჰარვარდში გაეგზავნათ უმაღლესი განათლების მისაღებად და კედი გაეთხოვებინათ, მაგრამ ეს ბოლო გაბრძოლებაც ამაო აღმოჩნდა. კვენტინი ჰარვარდში თავს იკლავს, ხოლო კედის ქმარი, სიდნეი ჰედი, როგორც კი შეიტყობს, რომ მისი ცოლი სხვისგანაა ფეხმძიმედ, მაშინვე გამოაგდებს. კედი მშობლიურ კერას სამუდამოდ გაეცლება, ოდესღაც დიდებულ კომპსონების სახლში დარჩნენ ისტერიული ავადმყოფი დედა და ორი შვილი: გაძარცულ–გაკოტრებული, გაბოროტებული, გულქვა უმემკვიდრო ჯეისონი და იდიოტი ბენჯი. და კიდევ ერთი პიროვნება, ერთადერთი გულშემატკივარი და მზრუნველი ამ ოჯახისა, ერთგული მსახური, მოხუცი ზანგი ქალი დილზი. შემდგომში სნოუპსების ტრილოგიის მეორე რომანიდან ვიგებთ, რომ დედის სიკვდილის მერე ჯეისონმა ბენჯი ჯეკსონის საგიჟეთში გამოამწყვდია და თვითონ მემფისში გადავა საცხოვრებლად. იდიოტი ბენჯი საავადმყოფოდან გაიპარება, მამაპაპისეულ სახლს ცეცხლს წაუკიდებს და თვითონაც შიგ დაიღუპება. ასე დაეცა და არარაობად იქცა კომპსონების სახლი, ისე, როგორც მაკბეთის სახლი, ედგარ პოს ეშერების სახლი, ნათანიელ ჰოთორნის "შვიდქიმიანი სახლი", ჰერმან მელვილის პიერის სახლი.

***

რომანში მოქმედება იწყება გასული საუკუნის მიწურულში კომპსონების დიდედის სიკვდილით, როცა კომპსონების უკანასკნელი შთამომავალნი ჯერ კიდევ პატარა ბავშვები იყვნენ და მთავრდება 1928 წლის 8 აპრილს, აღდგომა დღეს კედის ქალიშვილის, კვენტინას სახლიდან გაპარვით.

რომანში იმდენად დარღვეულია მოქმედების თანმიმდევრობა, კომპსონების სახლის დაცემის ქრონოლოგია იმდენადაა აღეული, რომ ფოლკნერის რთულ ნაწარმოებთა შორის "ხმაური და მძვინვარება" ყველაზე მეტად ძნელად გასაგებ რომანადაა მიჩნეული.

ქრონოლოგიის ამგვარი აღრევა, დაუსრულებელი უკანდახევები, აწმყოდან წარსულში "ჩავარდნები", "ნახტომები", ცხადია, ფოლკნერთან უშუალოდ მაკბეთური წარმოშობის არაა. იგი მე–20 საუკუნის საზღვარგარეთულ ფილოსოფიაში, ხენოვნებაში, ლიტერატურაში გავრცელებული დროის სუბიექტივიზაციის გამოხატულებაა, მაგრამ სავსებით შეესიტყვება რომანის მაკბეთურ დროის გაგებასაც, რომ დროს არა აქვს პროგრესია, არამედ მუდამ რეგრესულია, რომ ცხოვრება, ამდენად, დროც, უაზროა, ამაოებაა, ყველაფერი წარსულად იქცევა და წარსულშივე ინთქმება და იღუპება. საზოგადოდ, როგორც ერთი, ისე მეორე სასოწარკვეთილებისა და პიროვნების რღვევის გამომხატველია.

ანტიქრონოლოგიურობა, ობიექტური დროის უარყოფა რომანში კონკრეტულად კომპსონების ტრაგედიიდან მომდინარეობს. ცხოვრების ამაოების შეგრძნებას, ამაო ხმაურსა და მძვინვარებას გმირები მიჰყავს დროის უკიდურეს სუბიექტივიზაციამდე და ობიექტური დროის უარყოფამდე, რომლის ინტენსიფიკაციისათვის ავტორმა თვით ნაწილების განლაგების ანტიქრონოლოგიური პრინციპი არჩია.

რომანი შედგება ოთხი არაქრონოლოგიურად განლაგებული ნაწილისაგან. პირველ ნაწილში მოქმედება ხდება 1928 წლის 7 აპრილს, მეორე ნაწილში – 1910 წლის 2 ივნისს, მესამეში – 1928 წლის 6 აპრილს და მეოთხეში – 1928 წლის 8 აპრილს. ეს თარიღებია გატანილი ყოველი ნაწილის სათაურად, რითაც რომანის ანტიქრონოლოგიურობა განსაკუთრებით წარმოჩენილია. ქრონოლოგია დარღვეულია თვით ნაწილების შიგნითაც. 

რომანი იწყება ბენჯის "ცნობიერების ნაკადისეული" შინაგანი მონოლოგით. მის შთაბეჭდილებებსა და ასოციაციებში გაბნეულია კომპსონების ოჯახის მთელი ისტორია. ბენჯი იდიოტია. ეს ნაწილი უშუალო პირდაპირი გამოხატულებაა მაკბეთის სიტყვებისა, რომ "სიცოცხლე... სულელის ენით მოთხრობილი ამბავი არის, თუმც უმნიშვნელო, მაგრამ სავსე აურზაურით" (ანუ "ხმაურითა და მძვინვარებით"). მწერალს თავადაც რომ არ მიეთითებინა, ისედაც აშკარაა, რომ ბენჯის ნაწილიდან მომდინარეობს რომანის სათაური. ეს ფოლკნერის პირველმა რეცენზენტებმა და მკვლევარებმა რომანის გამოქვეყნებისთანავე აღნიშნეს.

გონებრივად განუვითარებელი, მეტყველების უნარს მოკლებული იდიოტი ბენჯის შთაბეჭდილებები და თავისუფალი ასოციაციები ფიზიკური ხასიათისაა. მას მოვლენების გონების თვალით დანაკვა, შეფასება, ავკარგიანობის განსჯა არ ძალუძს, მაგრამ პრიმიტიული ინსტიქტების დონეზე ის მაინც ავლენს ადამიანურ განცდებსა და მიხვედრის უნარს. ბენჯი უწყინარი და მიმნდობია, მოსიყვარულე და ერთგული, საყვარელი ადამიანების დაკარგვის გამო მას აწამებს სევდა და ნაღველი. მეორე მხრივ, დიდად აბნევს, აღიზიანებს და სტანჯავს სხვათა გულგრილობა, ეგოიზმი, ყველა ის, ვინც მოკლებულია ადამიანურ სითბოს, თანაგრძნობის, გაგების უნარს. ბენჯის ტანჯვა–წამების მაუწყებელია ხოლმე მისი ღმუილი, დორბლებმორეული ღრიალი, კვნესა–ტირილი და სხვა. ბენჯის ემოციებსა და შთაბეჭდილებებში იკვეთება კომპსონების ხასიათები. შეიძლება ითქვას, რომ ბენჯის პრიმიტიული, ფიზიკური აღქმა კომპსონების მორალური საზომია.

ბენჯი ცხოვრობს მხოლოდ ბავშვობის მოგონებებით. კომპსონების ხასიათი უკვე ბავშვობიდან ყალიბდება და იგი ფიქსირებულია იდიოტის ფიზიკურ აღქმაში. მას თავდავიწყებით უყვარს სხვებისთვის მზრუნავი, თანამგრძნობი კედი, რომლის სახე სამუდამოდ წარუშლელი რჩება მის მოგონებებში.მის მეხსიერებაში ღრმადაა აღბეჭდილი კვენტინის მელანქოლიურობაც, ჯეისონის უსულგულობა, გულგრილობა, გაუტანლობა, დედის ისტერიულობა და სხვა. ნიშანდობლივია ბენჯის დამოკიდებულება საგნებისადმიც, ისინი აშკარად სიმბოლურად გამოხატავენ ბენჯის ქვეცნობიერ განცდებს მისი ოჯახის ბედ–იღბალთან დაკავშირებით. მაგალითად, მას უყვარს კომპსონების ყოფილი მიწის ნაკვეთი, რომელიც უკვე გოლფის კლუბს ეკუთვნის. აშკარაა, რომ მასში ბენჯი ინტუიციით ხედავს კომპსონების გარდასულ დღეთა ძალასა და დიდებას. მას იმდენად უყვარს ცეცხლი, რომ რაოდენ გაღიზიანებულიც უნდა იყოს, ცეცხლის წმინდა ალი ამშვიდებს. ცეცხლი აშკარად განწმენდისა და ნათელის სიმბოლოა, რაზეც ოცნებობენ კომპსონები.

ბენჯის არ აქვს დროის შეგრძნება. თუმცა მას შეუსრულდა ოცდაცამეტი წელი, მაგრამ მის ცნობიერებაში დრო შეჩერებულია წარსულში, სახელდობრ, მის ბავშვობაში; მის წარმოდგენაში არ არსებობს ზღვარი წარსულსა და აწმყოს შორის, ყოველგვარი წარსული შთაბეჭდილება მისთვის ახლაც რეალურია, ამჟამადაც არსებობს. ბენჯის პათოლოგიურ ცნობიერებაში ხდება დროის აბსოლუტური სუბიექტივიზაცია. ეს არის ბერგსონისებური, პრუსტისებური დრო, თანაც ის ეხმიანება დამარცხებული მაკბეთის დროის განცდასაც, რომლის თანახმად წარსული შთანთქავს აწმყოსა და მომავალსაც. ბენჯი მხოლოდ წარსულში ცხოვრობს, რადგანაც წარსულში მან დაკარგა ყველაფერი, ანუ ერთადერთი საყვარელი და კედი. სწორედ ასეთი გრძნობის გამო, ისე როგორც მაკბეთს, ბენჯისაც წარსული თრგუნავს და სძლევს.

პირველი ნაწილის მხატვრული თავისებურება აიხსნება იდიოტის პათოლოგიური ცნობიერებით, დროის განცდის უქონლობით. ამიტომაც მიმართავს მასში ავტორი "ცნობიერების ნაკადის" ტექნიკას. ბენჯის არ აქვს მეტყველების უნარი. მისი თავისუფალი ასოციაციების გადმოსაცემად ფოლკნერი პირობითად იყენებს ლიტერატურულ ენას, რომელშიც ზომიერადაა დარღვეული ენობრივი ნორმები და ნაკლებად იჭრება ენობრივი ექსპერიმენტები. ბენჯის შინაგანი მონოლოგის სირთულეს ქმნის თვით მასალა და მისი განლაგება, მოულოდნელი ნახტომები ერთი მოვლენიდან მეორეში, ერთი ეპიზოდიდან მეორე ეპიზოდში, აწმყოდან წარსულში, წარსულიდან აწმყოში, კვლავ წარსულში და ა.შ. დაუსრულებლივ. ფოლკნერი თვალსაჩინოებისათვის ტიპოგრაფიულ ხერხს იყენებს, რათა მკითხველს შესაძლებლობა მიეცეს დროთა და მოვლენათა არეულობაში შინაგანი კავშირი და თანმიმდევრობა აღადგინოს.


კადრი ფილმიდან "ხმაური და მძვინვარება" (2014), ბენჯის როლში ჯეიმს ფრანკო


ბენჯის ნაწილში ღრმად გააზრებული პოეტური სახეებიდან და სიმბოლოებიდან ყურადღებას იპყრობს ჩრდილის სახე. ბენჯი ხშირად აკვირდება საკუთარ ჩრდილს, რომელიც ხან გამოჩნდება, ხან გაქრება, ხან ბენჯი შიგ შეაბიჯებს, ერთი სიტყვით მისი ჩრდილი სულ მოძრაობს. ჩრდილი ამგვარი მოძრავი სახე ძალაუნებურად ქმნის პარალელს მაკბეთის სიტყვებთან: "სიცოცხლე მხოლოდ ჩრდილი ყოფილა მოარული". მართლაც, ბენჯის სულში კომპსონების ტრაგედია განფენილია ბუნდოვნად, კონტურებივით, ჩრდილივითაა აღბეჭდილი, ხოლო თვით ბენჯი – ესეც ერთგვარი ჩრდილია, კომპსონიზმის ბუნდოვანი ანარეკლია, მისი ჩრდილი კომპსონების სიმბოლოდ წარმოგვიდგება, კომპსონებისა, რომელთა ხმაური და მძვინვარება ამაოდ დაიხარჯა. ისინი აჩრდილებივით ცხოვრობენ და მართლაც აჩრდილებივით გაქრნენ. 

რომანის სათაური მარტო პირველ ნაწილს არ მოიცავს, არამედ დანარჩენ ნაწილებსაც. მართალია, მაკბეთის მონოლოგი მათში ისე უშუალოდ არ ჩანს, როგორც პირველ ნაწილში, მაგრამ მისი აზრი აშკარად გამოსჭვივის, მათ იდეურ–თემატურ საყრდენსაც წარმოადგენს. ამას თვით ავტორიც აღიარებს. "სათაური, ცხადია, მომდინარეობს პირველი, ბენჯის ნაწილიდან. მე მეგონა, რომ ბენჯის ნაწილში მთელი ამბავი მოვყევი და სათაურიც მას ეკუთვნოდა. ასე რომ, ან მოსაზრებით ის ბენჯის ეკუთვნის, ვიდრე სხვა ვინმეს, მაგრამ რაც უფრო მეტს ვმუშაობდი წიგნზე, მით უფრო ელასტიური ხდებოდა სათაური, და ბოლოს მთელი ოჯახი მოიცვა".

გავყვეთ შემდეგ ნაწილებს და შევეცადოთ დავადგინოთ, როგორაა მათში განფენილი მაკბეთის სიტყვების აზრი.

რომანის მეორე ნაწილი, კვენტინის შინაგანი მონოლოგი, მთელი სიმძაფრით გამოხატავს მაკბეთის სიტყვებს – ცხოვრების ამაოებას, დროის მტრობას ადამიანებისადმი. კვენტინმა თავი დაიხრჩო მდინარეში, კემბრიჯში, მასაჩუსეტსის შტატში, 1910 წლის 2 ივნისს, დის ქორწინებიდან ორი თვის მერე. ჰარვარდის უნივერსიტეტში მან აკადემიური კურსის დამთავრებამდე დაჰყო, იმ დღემდე, სანამ მისი სწავლის თანხა იყო გადახდილი კომპსონების მიწის უკანასკნელი ნაკვეთის საფასურიდან. გავიდა თუ არა ეს ვადა, მან სისრულეში მოიყვანა თავისი ტრაგიკული ჩანაფიქრი. კვენტინის შინაგანი მონოლოგი მოცემულია სწორედ თვითმკვლელობის დღეს, ტრაგიკული აღსასრულის უშუალო უკანასკნელ მომენტამდე.

კვენტინი შინაგანი დაძაბულობის, სიკვდილისკენ გარდუვალი სწრაფვის გამო ბენჯივით ნახევრად შეშლილია, ოღონდ იმ სხვაობით, რომ ბენჯი ბავშვის დონეზე დარჩენილი განუვითარებელი იდიოტია, კვენტინი კი პირიქით, გონებრივად განვითარებული, ინტელექტუალური პიროვნებაა. ის მუდამ ცდილობს მოვლენათა შეფასებას. მას ახასიათებს აბსტრაქტული განსჯა–მსჯელობა, ყოველი მოგონება წარსულისა და უმალ მისი გააზრება მის შეგნებაში განუყოფელია. მისი ფიქრები, ასოციაციები, ერთი მხრივ, აღსავსეა აბსტრაქტული მსჯელობებით, მეორე მხრივ, მოვლენების ემოციური ხილვითა და დაძაბული განცდებით. თვითმკვლელობის დღეს ყოველი აწმყო ფაქტი მის ცნობიერებაში აღაგზნებს წარსულის ხილვას და ბენჯივით მთავარი ამაღელვებელი მოვლენები კვენტინისთვისაც დაკავშირებულია წარსულთან. მის სულიერ სამყაროშიც მთავარი ადგილი უკავია კედის, რომელიც მისთვის არამარტო უბრალოდ ერთადერთი და საყვარელი დაა, როგორც უმწეო ბენჯისათვის, არამედ სამხრეთული რომანტიკის, ოჯახის სახელისა და პატიოსნების, საერთოდ ადამიანური სათნოების სახიერებაა. კვენტინი იმდენად ავადმყოფურად, მტკივნეულად განიცდის დის დაცემას, რომ მას კიდეც ეწირება.

კვენტინის ხასიათი ერთგვარად გააბსტრაქტირებულია. მის ფსიქიკაში გარდატეხილია სამხრეთის წარსულისა და თანადროულობის მთელი ტრაგედია. ფსიქოლოგიურად კვენტინი სამხრეთის ტრაგედიის ანარეკლია, გონებითა და გრძნობით ამ ტრაგედიის შეპყრობილი პიროვნებაა. ფოლკნერის გმირთა შორის ყველაზე მეტად მასზე ითქმის, რომ ის არის ჯამი წარსულისა, წინაპრებისა და აწმყოსიც. ყველაზე მეტად მასზე ითქმის, რომ ის ჩაფლული წარსულში, რომ სულიერად ის ცხოვრობს სამოქალაქო ომამდელ სამხრეთზე შექმნილ ლეგენდების სამყაროში. ამას თავად ავტორიც გარკვევით აღნიშნავს. საერთოდ კომპსონების, პირველ ყოვლისა კვენტინის უბედურება სწორედ ისაა, რომ "ისინი კვლავ 1859 თუ 1860 წლის გარემოში ცხოვრობენო", – ამბობს ფოლკნერი. რომანიდან "აბესალომ, აბესალომ!", რომელშიც კვენტინი არის ერთ–ერთი მთავარი მოწმე–მთხრობელი, ვიგებთ, რომ მას უზომოდ აწამებს სამხრეთის ბედ–იღბალი, მისი დანაშაული და დაცემა, ამავე დროს, მისი გონება შეპყრობილია სამხრეთის ლეგენდების იდეალებით ადამიანურ ღირსებასა და პატიოსნებაზე. კვენტინი თავად, კონკრეტულად პლანტატორულ წარსულს კი არ აიდეალებს, არამედ იმ რომანტიკას, აბსტრაქტულ ადამიანურ ღირებულებებს, რომლებსაც სამხრეთული ლეგენდები სთავაზობდნენ. კვენტინი რომანტიკული გმირია, რომელიც მწვავედ განიცდის რომანტიკული იდეალის განუხორციელებლობას და კიდეც ეწირება ამ იდეალის კრახს. ჭეშმარიტად სამხრეთელ პირმშოს, მას აწამებს დანაშაულის გრძნობა, რომელიც მისი ქვეყნის წარსულთან და მისი ოჯახის დაცემასთანაა დაკავშირებული. თანამედროვე ამერიკის სინამდვილეშიც ის ვერავითარ მორალურ საყრდენს ვერ ხედავს და აღარც ეძიებს. საზოგადოდ მისი რომანტიკული ბუნება ვერ ურიგდება ადამიანური პატიოსნების გაუფასურებას, მაკბეთური სულისკვეთებით ყოველისმომცველობას. საზოგადოდ ის მაკბეთური სამყაროს მიმართ უკიდურესად შეურიგებელი პიროვნებაა. ამავე დროს, თავისი ქვეყნის კონკრეტულ წარსულსა და აწმყოში, საკუთარი ოჯახის გარემოცვაში მაკბეთური სულისკვეთების იქით სანუგეშო არაფერი ეგულება, ამდენად, ის იზიარებს მაკბეთური მორალური მარცხიდან გამომდინარე აბსოლუტურ პესიმიზს და ფსიქოლოგიურად მისი ტრაგიკული მსხვერპლი ხდება.

მთელი ეს სოციალურ–ფსიქოლოგიური ტრაგედია კვენტინის შეგნებაში დაკავშირებულია თავისი დის ბედთან, გარდატეხილია მასზე ფიქრებში. კვენტინის წარმოდგენით, კედის დაცემა ყოველგვარი ადამიანური მორალის, იდეალების მარცხის ტოლფასია. რომანში ეს ქმნის უჩვეულო სიმართლეს და გარკვეულ გაუგებრობასაც. მით უმეტეს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებულია ერთი უაღრესად ძნელად ასახსნელი ამბავი – კვენტინის აკვიატებული ფიქრი ინცესტზე, დასთან სისხლის აღრევაზე.

"სისხლის ამღრევი მე–ვარ მეთქი, მე, ვუთხარი მამას", – იგონებს კვენტინი. სინამდვილეში კვენტინი ინცესტს არ ჩაიდენდა, ეს რომანიდანაც ნათლად ჩანს, არც მონაგონის თქმა გაუბედავს მამისთვის. საინტერესოა, თუ რატომ მიმართავს კნვენტინი ასეთ დაუნდობელ თვითგვემას, იქნებ ფიქრები ინცესტზე კომპსონიზმის ტრაგედიის წმინდა ფროიდისტული ახსნაა? მართლაც, ასეთი შთაბეჭდილება იქმნება ერთი შეხედვით, თითქოსდა კვენტინის ბუნება ფროიდისეული მოძღვრების ერთ–ერთი დამამტკიცებელი საბუთია, გამოვლინება ფსიქოანალიტიკური თეორიისა.

კვენტინის მიერ ჩაუდენელი დანაშაული უნდა გავიგოთ ისე, როგორც ეს ესმის მალკოლმ კაულის, ჩვენ ვგულისხმობთ ამ მეცნიერის "სექსუალური კოშმარების" ახსნას ფოლკნერის "სავანეს" მიხედვით. ხსენებული კოშმარები სოციალური აზრით დატვირთული სიმბოლოებია. გაუპატიურება ფოლკნერის რომანებში აშკარად ალეგორიული სახეა, რომელშიაც ავტორი ვარაუდოს სამხრეთის დამარცხებასა და კორუფციას. საყვარელი დის გაუპატიურება და ცოდვა კვენტინს სწორედ ასე ესახება: მთელი სამხრეთის, საერთოდ მთელი ქვეყნიერების, ყოველი ადამიანის გარდუვალ დაცემად და დანაშაულად, რომლის განუყოფელ ნაწილად თავის თავსაც თვლის. მას სურს სისხლის აღრევის თვითდაბრალებით საყვარელი და კედი, რომელიც მის წარმოდგენაში სამხრეთული რომანტიკული იდეალის განსახიერებაა, მასთან ერთად ეწამოს ცოდვისა და დანაშაულისათვის. სხვათა შორის, დანაშაულისა და ცოდვის ესოდენ გადამეტებული გრძნობა კვენტინის ხასიათში გამოწვეულია არა მარტო ისტორიული და ოჯახური ვითარებით, არამედ, უდავოდ, კალვინისტური, პურიტანულ–რელიგიური აღზრდისა და შთაგონების შედეგიც უნდა იყოს. მაგრამ, ძირითადად, კვენტინის დანაშაულებრიობის გრძნობა სამხრეთის ისტორიული დანაშაულისა და თანამედროვეობის მორალური დაკნინების სიმბოლური გამოხატულებაა. დანაშაულითა და ცოდვით აღსავსე სამყარო თუმცა კვენტინის რომანტიკული სათნო ბუნებისათვის მიუღებელია, მაგრამ უმომავლო, ბრძოლისათვის ყოველმხრივ უძლური, კომპსონთა ერთ–ერთი ბოლო შთამომავალი მას თვლის ერთადერთ სამყაროდ, რომელსაც ის მთელი თავისი არსებით, წარსულით, წინაპრებითა და აწმყოთიც ეკუთვნის. ამიტომაც ეჩვენება მას, თითქოს ბუნებით ისიც ცოდვილია, ამდენად დანაშაულისა და ცოდვისათვის ისიც უნდა დაისაჯოს, მანაც უნდა გაიზიაროს საერთო ტანჯვა–წამება. ის ცდილობს საერთო ცოდვას სისხლის აღრევის საზარელი დანაშაულით ეზიაროს. რომანის დანართში ავტორი თვითონვე შიფრავს კვენტინის სისხლის აღრევაზე ფიქრების სიმბოლურ მნიშვნელობას: "კვენტინი, რომელსაც მისი დის სხეული კი არ უყვარდა, არამედ ერთგვარად უსაფუძვლოდ კომპსონების ღირსების კონცეფცია... რომელსაც ინცესტის იდეა კი არ უყვარდა, ინცესტისა, რომელსაც არ ჩაიდენდა, არამედ მის გამო მარადიული სასჯელის პრესბიტერიანული კონცეფცია. ის არ არის ღმერთი, და ამიტომ დასთან ერთად, ორივე ერთად აღმოჩნდებოდნენ ჯოჯოხეთში, სადაც დას მარად დაიცავდა და უვნებლად უსასრულოდ მარადიულ ცეცხლში ამყოფებდა".

რიჩარდ ჩეიზი თვლის, რომ კვენტინის სახით ფოლკნერმა სრულყოფილად წარმოგვიდგინა ჯოისის სტივენ დედალოსივით თანამედროვე განწირული გმირი. სტივენ დედალოსს კაცობრიობის წარსული, ისტორია მიაჩნდა ადამიანის მიმართ ჩადენილ უდიდეს დანაშაულად. ის ამბობს, რომ "ისტორია ის საზარელი კოშმარული სიზმარია, საიდანაც მე გამოფხიზლებას ცდილობო", და ეს სიტყვები ზუსტად გამოხატავენ და ხსნიან კვენტინ კომპსონის სულიერ სამყაროს. ჩეიზი იქვე დასძენს, ორივე ახალგაზრდას აწამებს დანაშაულის გრძნობა, "კვენტინი ცდილობს დაიჯეროს, რომ მან ჩაიდინა ინცესტი დასთან, ისე, როგორც სტივენი ცდილობს დაიჯეროს, რომ მან მოკლა დედამისი".

ასეთია მაკბეთისებური სამყაროთი სულიერად განადგურებული, ამაღლების გრძნობით შეპყრობილი კვენტინის ავადმყოფური ინცესტური ფიქრების მნიშვნელობა.

კვენტინის ტრაგედიის მთავარი მიზეზია დრო. დროისადმი მისი დამოკიდებულება სამყაროს კომპსონისებური, ტრაგიკული აღქმის ანარეკლია. კვენტინს, ისე როგორც დამარცხებულ მაკბეთს, ცხოვრება და დრო აბსურადად ესახება; სხვაობა მხოლოდ ისაა, რომ მაკბეთის პესიმიზმის მიზეზები მის პირად დანაშაულებსა და მორალურ დამარცხებაშია საძიებელი, ხოლო კვენტინისა – იდეალების კრახში. თანამედროვე ამერიკელი ახალგაზრდის შინაგანი მონოლოგი აღსავსეა განყენებული მსჯელობებით ამაოებაზე ამა ქვეყნისა, რომლის მთავარ მიზეზს ის ადამიანისადმი დროის მტრობას მიაწერს. ყველა ეს მწვავედ მტკივნეული შეხედულებანი დროის თაობაზე კვენტინს ჯერ კიდევ მამისგან სმენია, ცხოვრებაზე ხელჩაქნეული სასოწარკვეთილი სკეპტიკოსისგან. მას აგონდება მამის სიტყვები: "ქრისტე ჯვარს კი არ აცვეს, საათის პაწაწინა ისრების წიკწიკმა მოუღო ბოლო... მამამ თქვა, კაცი თავის უბედურებათა ჯამია. მერე დასძინა, ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება მოაფიქრდეს, ბოლო მოეღო ჩემს უბედურებასო, მაგრამ ვაი, რომ ახლა თავად დრო იქნება მისთვის უბედურების მომტანი". თვითმკვლელობის დღეს, როცა ფარდებზე მომდგარი ფანჯრის ჩარჩოების შუქჩრდილის მიხედვით კვენტინი ვარაუდობს, დილის შვიდი–რვა საათი უნდა იყოსო, მის ფიქრთა ნაკადში განსაკუთრებით აღიბეჭდება ის აზრი, რომ კვლავ დროის დინებაშია მოქცეული, კვლავ უნებურად საათის ხმა ესმის, კვლავ დროს თვალს ადევნებს და აქ იწყება მისი გამძვინვარებული ბრძოლა დროსთან: "პაპაჩემის ნაქონი იყო ეს საათი და მამამ რომ მომცა, ასე მითხრა, აჰა, კვენტინ, გაძლევ ყოველგვარი იმედისა და სურვილის ამ ლუსკუმას, ვაი, რომ ამ საათის დახედვისას შესაძლოა ტანჯვა–წვალებით მოიწადინო reducto absurdum  (ლათ. აბსურდამდე დაყვანილი), ზოგადკაცობრიული გამოცდილების გასაკუთრება, მაგრამ შენი წინაპრებივით ყოფილი არც შენ დარჩები. ამ საათს იმიტომ კი არ გაძლევ, დრო სულ მუდამ რომ გახსოვდეს, უფრო ეს მინდა – ზოგჯერ მისი დავიწყება მოახერხო და მთელი შენი ცეცხლი და გზნება არ შეალიო მის მოთოკვას, რაკიღა ამ ბრძოლაში გამარჯვება არავის გვიწერია. მერე დასძინა, გამარჯვება კი არა, ბრძოლის ველამდეც ვერ მივატანთ. დაბოლოს კაცი თავის უგუნურობასა და უსასოობასღა შეიტყობს, გამარჯვებისა მარტო ფილოსოფოსებსა და უჭკუოთ სჯერათო". ეს ბოლო სიტყვები მაკბეთის მონოლოგის თავისებურ პერიფრაზირებად შეიძლება ჩაითვალოს.

დამარცხებისა და საბედისწერო დაღუპვის განცდით შეპყრობილი კვენტინი პასიური, ბრძოლის უნარს მოკლებული პიროვნებაა. მისი მძვინვარება მხოლოდ მისი უძლურების გამომხატველია. ის მძვინვარედ ლამობს გაექცეს დროს, თავი დააღწიოს დროის დინების ბატონობას, მის ობიექტურ კანონზომიერებას. იგი გამძვინვარებული ამტვრევს შუშას პაპისეულ საათზე და ისრებს ამოაგლეჯს, რათა მეტად აღარ იხილოს დროის მდინარება. დრო, რომელიც მექანიზმით იზომება, ეს არის ტყუილი დრო, მას ეჯავრება საზოგადოდ საათი, რომელიც მუდამ სტყუის. საათის დრო, საათის ისრები ადამიანის ცივი გონების მიერაა გამოგონილი: "მამამ მითხრა, გაუთავებელი ფიქრი ამა თუ იმ ციფერბლატზე ისრების მდგომარეობის შესახებ თავის ტვინის მუშაობის ნიშანია, მსგავსად ოფლიანობისაო". ჭეშმარიტი დროა არა საათით გაზომილი, არამედ გაუზომელი, პირადი განცდისა. "მამას უთქვამს ჩემთვის, საათები დროს კლავენო. მერე დასძინა, დრო მანამდეა მკვდარი, სანამ პაწაწინა თვლები წიკწიკებს, გაჩერდება საათი და დროც მაშინვე ცოცხლდებაო". კვენტინი შეჰყურებს მესაათესთან ფანჯარაში გამოფენილ საათებს, რომლებიც სხვადასხვა დროს უჩვენებენ და გაიფიქრებს ჭეშმარიტ, ნამდვილ დროს მხოლოდ ჩემი უისრო საათი უჩვენებსო. აქ ძალაუნებურად გვაგონდება სალვადორ დალის ცნობილი ნახატი "მოგონების ურყეობა", რომელიც გამოხატავს ობიექტური, რაციონალური დროის აბსურდულობას და მას უპირისპირებს სუბიექტურ, პირადი განცდის დროს. კვენტინის აზრითაც, ერთადერთი ჭეშმარიტი დროა არა ბუნებრივი დრო, რომელიც საათით იზომება, არამედ პირადული, სუბიექტური დრო, განცდისა და შთაბეჭდილებების დრო. ხოლო სუბიექტური დრო კვენტინისათვის მხოლოდ და მხოლოდ მოგონებების დროა, წარსულის დრო. ეს აზრი ეხმაურება მაკბეთის "ხვალს", რომელიც ყოველთვის "გუშინდლად" იქცევა. კვენტინისებური გასუბიექტურებული, გაწარსულებული დრო მაკბეთური დროის გაგების შემდგომი, თავისებური ლოგიკური გაგრძელებაა, რომლის იდეურ ფილოსოფიური საფუძვლები საძიებელია მეოცე საუკუნის ლიტერატურასა და იდეალისტურ ფილოსოფიაში.

კვენტინის აბსოლუტური ტრაგედია ისაა, რომ ობიექტური დროის "აბსურდულობიდან" ლტოლვილმა, ვერც სუბიექტიზირებულ დროში ჰპოვა საყრდენი, რადგანაც მას, როგორც წარსულით, კონკრეტულად სოციალური და პირადი ოჯახური წარსულით გატეხილ პიროვნებას, სუბიექტური დროც უსასრულო ტანჯვად ესახება; უაწმყოო და უმომავლო კვენტინისათვის წარსულიც მხოლოდ მტანჯველ მოგონებებად ქცეულა. ნარკვევში "დრო ფოლკნერთან: "ხმაური და მძვინვარება" ჟან–პოლ სარტრი შენიშნავს, რომ როგორც პრუსტის გმირი, ისე ფოლკნერისა, წარსულის გაცოცხლებით ცდილობენ დროის დამორჩილებას, მოგონებებით აცოცხლებენ წარსულს, რომელიც მათთვის უფრო რეალურია, ვიდრე აწმყო და მომავალი. ოღონდ პრუსტის გმირი ხსნას ეძიებს წარსულში, დაკარგული დროის ძიებაში, ფოლკნერის გმირს, პირიქით, წარსული ღუპავს. სარტრი აღარაფერს ამბობს იმის თაობაზე, რომ პრუსტის გმირისგან განსხვავებით, ფოლკნერის გმირი თვითონ კი არ ცდილობს წარსულის დატყვევებას, არამედ ის თავადაა დატყვევებული წარსულის დროით. კვენტინისათვის ყოველგვარი "იყო" იმიტომაცაა მუდამ "არის", რომ მისთვის "იყო" არასოდეს არ ქრება. მას წარსული გზას უხშობს აწმყოსა და მომავლისაკენ. პრუსტის გმირს შვებას ჰგვრის წარსული და თავად ლამობს მის გაცოცხლებას, შეჩერებას, ფოლკნერის გმირს, პირიქით, აწამებს წარსულის კოშმარები, და რამდენადაც მისგან გაქცევის არავითარი პერსპექტივა არ ესახება, ის ძალაუნებურად მხოლოდ წარსულში და წარსულით ცხოვრობს. ამგვარად, კვენტინი გაექცა ობიექტურ დროს, მაგრამ თვით სუბიექტურმა დრომაც, მის ცნობიერებაში გამყარებულმა წარსულმაც სანუგეშო ვერაფერო მოუტანა; პირად მოგონებებში მხოლოდ ადამიანურობის დამარცხების მთელი სერია დახვდა, აწმყო კი – თავისთავად სტერილური, იმდენად დაცლილი, არაადამიანური, რომ მასში სანუგეშოც ძიებაც ზედმეტად ჩათვალა. ამიტომაც ტრაგიკული წარსულით ტყვექმნილმა ერთადერთი ხსნა თვითმკვლელობაში ჰპოვა, მაკბეთის სიტყვებით რომ გამოვხატოთ – "გუშინდელთა დღეთ უგუნურებს გზა გაუნათეს მიწად გარდამქცევ სიკვდილამდე". ამ მოსაზრებით უწოდებენ კვენტინს ფოლკნეროლოგიაში ჰამლეტურ და სტივენ დედალოსისებურ გმირს. სიკვდილი მისთვის ნიშნავს რეალობიდან გათავისუფლებას, საკუთარი ბობოქარი ცნობიერებიდან გაქცევას, საკუთარი მძვინვარე განცდების გადალახვას, დროის მტრობას და ტყვეობიდან თავდახსნას. კვენტინმა ვეღარ გაუძლო "ბოროტების ზღვას", ყოფნა–არყოფნის საკითხი ჰამლეტივით ეჭვქვეშ კი არ დააყენა, არამედ თავიდანვე კატეგორიულად პესიმისტურად გადაჭრა. ამიტოამც ამბობს ფოლკნერი თავის გმირზე, რომ მას "ყველაზე მეტად უყვარდა სიკვდილი, მხოლოდ სიკვდილი უყვარდა".

კვენტინის ცნობიერებაში ხშირად გაიელვებს ქრისტეს სახე, რომელიც მოწყალე მხსნელად კი არ ესახება, არამედ ჯვარცმულ წამებულად, და ამ ასოციაციებს ის მიჰყავს ქრისტიანი პეტის, წმ. ფრანცისკოს სიტყვებამდე – "სიკვდილი ჩემი დაა", რომლებიც აკვიატებულად მეორდება კვენტინის ფიქრთა ნაკადში და მრავალმხრივ სიმბოლურ მნიშვნელობას იძენს. "პატარა დაიკო სიკვდილი" კვენტინის შეგნებაში, ერთ მხრივ, განუყოფელია კედისგან, რომლის ბედ–იღბალს და დაცემას მიჰყავს იგი თვითმკვლელობამდე, მეორე მხრივ, კვენტინი სიკვდილისგან მოელის დროის ტყვეობიდან და სამყაროს ამაოებიდან მისტიკურ ხსნასა და შვებას, ამ სიტყვებით ეალერსება და ელოლიავება მას "სიკვდილს შეყვარებული". კვენტინის შინაგანი მონოლოგიდან ვიგებთ, რომ თვითმკვლელობისათვის ის ისე ემზადება, თითქოს დიდ დღესასწაულზე მიდიოდეს. მშვიდად, აუღელვებლად იცვამს, კოსტუმზე ბენზინით გულდაგულ იწმენდს სისხლის ლაქას, ჯერალდთან ჩხუბის მერე რომ დააჩნდა, მერე აშრობს, იცვამს, თავს სარკეში ათვალიერებს, რაკი რწმუნდება, რომ ლაქა აღარ ეტყობა, პალტოს იცვამს . მერე აგონდება, რომ კბილები არ გამოუწმენდია, კვლავ მშვიდად, აუღელვებლად ხსნის შინ გასაგზავნად გამზადებულ ჩემოდანს, ამოიღებს კბილის ჯაგრისს, კბილებს გაიწმენდს, ჯაგრისს გაწურავს, გააშრობს, ისევ ჩემოდანში დებს. ქუჩაში გასვლის წინ შენიშნავს, რომ ქუდი დავიწყებია, იმასაც გაწმენდს, დაიხურავს და ასე კოხტად გამოწყობილი ჭაბუკი მიემართება სიკვდილთან შესახვედრად, თავის დასახრჩობად. მისი შინაგანი მონოლოგიდან ჩანს, რომ ერთი წამითაც არ გაუელვებს გუნებაში ეჭვი, იქნებ სიცოცხლე სჯობდესო და არც დანანებია, რომ სიცოცხლეს თმობს. მისთვის "სიცოცხლე მხოლოდ ჩრდილია მოარული". ამას ჩრდილის სახეც გვამცნობს კვენტინის შინაგან მონოლოგში. ისე როგორც ბენჯის ნაწილში, კვენტინის ნაწილშიც განუწყვეტლივ მოძრაობს ჩრდილი. ჩრდილი არაა ძნელად გასაშიფრი პოეტური სახე ამ ნაწილშიც. კვენტინი ხან შეაბიჯებს საკუთარ ჩრდილში, ხან ეკარგება საკუთარი ჩრდილი, ხან წინ უსწრებს, ხან გაქრება. ხიდზე რომ გაივლის, თავის ჩრდილს ხედავს მდინარეში, რომელშიც მალე თავს დაიხრჩობს. კვეტინი ბევრს ფიქრობს ჩრდილზე. ჩრდილის ეს აკვიატებული სახე თანდათანობით გარკვეულ მნიშვნელობას იძენს. ის კვენტინის ანარეკლია. კვენტინი თავისთავად სიკვდილის მატარებელია. მისი ჩრდილიც სიკვდილის სიმბოლოა და თითქოს მაკბეთის სიტყვების გამოძახილი. ჩრდილი, როგორც მხატვრული სახე შექსპირთან და ფოლკნერთანაც ცხოვრების ამაოების, გაქრობის, დროის ამაოების, ყველაფრის სიკვდილით დასრულების სიმბოლოა. ამიტომაცაა, რომ ფოლკნერის ტრაგიკული გმირი, სიკვდილს შეყვარებული კვენტინი, ასე ხშირად დააბიჯებს ცხოვრების მაკბეთურ ჩრდილში.

დროისადმი კვენტინის დამოკიდებულება განსაზღვრავს მისი შინაგანი მონოლოგის თავისებურ სტრუქტურას, რომელიც შეიცავს დროის ორ პარალელურ ხაზს: ერთი სუბიექტური, რაციონალური დრო, რომელიც მიედინება საათებისა და წუთების მიხედვით თანმიმდევრულად, მეორე – გულის, გრძნობის ირაციონალური დრო, თავისუფალი ასოციაციების ნაკადი. მიუხედავად იმისა, რომ კვენტინმა პაპისეულ საათს ისრები ამოაცალა, თვითმკვლელობის დღეს დაწყებული დილიდან, მთელი დღე, ის მაინც დაჟინებით უსმენს ქუჩებში, მოედნებზე დროის დინელის მაუწყებელი საათის რეკვას, ითვლის საათებს, წუთებს. კვენტინის უნებლიე გამახვილებული ყურადღება საათის დროისადმი მოწმობს, რომ როგორც არ უნდა ეცადოს იგი, ობიექტური დროის დინების კანონზომიერებას მაინც ვერ გაექცევა; სანამ სულდგმულია, მანამდე დროში იქნება მოქცეული. დროის დინება მისი მტერია, მაგრამ მასთან ბრძოლა ამაოა. მეორე მხრივ, დროის დინების გამძაფრებული კონტროლი გმირის ცნობიერებაში, ცხადია, აიხსნება მისი განწყობილებით თვითმკვლელობის ჟამს. მან ძალიან კარგად იცის, რაც დრო გადის, მით უფრო ახლოვდება მისი სვლა "მიწად გარდამქცევ სიკვდილამდე". უშუალოდ თვითმკვლელობის წინ ის ზუსტად ანგარიშობს დროს, ბოლოს იმასაც ანგარიშობს, თხუთმეტი წუთი კიდევ და... ამქვეყნად აღარ იქნება, ამგვარად კვენტინის ცნობიერების დინებაში, ერთი მხრივ, მოცემულია აწმყოში დროის თანმიმდევრული სწორი ხაზი, თვითმკვლელობის დღეს მოვლენების ქრონოლოგიური თანმიმდევრობა. აქ შეიძლებოდა საათებისა და წუთების მიხედვით დეტალურად მოყოლა, რა გააკეთა კვენტინმა დილიდან თვითმკვლელობამდე, მაგრამ მთავარი ეს ქრონოლოგიური თანმიმდევრობით განლაგებული მოქმედება კი არაა, არამედ, მთავარი მასალა დაპროექტებულია მეორე ხაზზე, ეს არის მოგონებათა ჯაჭვი, წარსულის ხილვათა ნაკადი. სწორხაზოვნად მიმდინარე აწმყო წამდაუწუმ წყდება წარსულის ასოციაციებით, მოგონებებით; წარსულის ეპიზოდები იმდენად ხვავდება, ისე იხლართება ერთმანეთში, რომ აწმყოს ხაზი თითქმის სრულიად ფერმკრთალდება, უჩინარდება და არსებობს იმდენად, რამდენადაც დაკავშირებულია წარსულთან. აწმყოს ეპიზოდი მნიშვნელოვანია მხოლოდ იმდენად, რამდენადაც იგი ბიძგს აძლევს, იწვევს, იხმობს წარსულს. მთავარი წარსული ეპიზოდებია, რომლებიც გადმოცემულია არა ქრონოლოგიური წყობით, არამედ ემოციური, ასოციაციური თანმიმდევრობით. მათ მიხედვით აქაც შეიძლებოდა ყველა იმ ეპიზოდის დეტალურად გადმოცემა, რომლებიც ტრაგიკულ გმირს გადახდა და რომლებმაც მიიყვანა ის თვითმკვლელობის გარდუვალობამდე. კვენტინის ფიქრთა და განცდათა ნაკადის ორმაგი სტრუქტურა, ურთიერთჩახლართული ეპიზოდები, განსაკუთრებით დახვავებული, ასოციაციური ხილვანი ქმნიან კვენტინის შინაგანი მონოლოგის უჩვეულო წყობასა და სირთულეს.

რომანის მესამე ნაწილი, კომპსონების მესამე ძმის მონოლოგი, აღსავსეა ხმაურითა და მძვინვარებით, აურზაურით, მღელვარებით, ოღონდ ეს სულ სხვა ხასიათის ხმაური და მძვინვარებაა, მკვეთრად განსხვავებული ბენჯისა და კვენტინის უკიდურესად ემოციური, აღრეული ცნობიერებისაგან. ამ ნაწილში ხმაურობს და მძვინვარებს უკვე არა კომპსონი, არამედ არაკომპსონი, ანტიკომპსონიც კი. ჯეისონიც კომპსონების შთამომავალია, მაგრამ ხასიათით, მიდრეკილებებით, ცხოვრებაზე შეხედულებით ანტიკომპსონია. დედამისი ხშირად ეუბნება, შენ კომპსონური არაფერი გამოგყვა, უფრო ბასკომი ხარო (ეს კომპსონების დედის ქალიშვილობის გვარია). მართალია, რომანში არ ჩანს, თუ ვინ არიან და როგორნი არიან ბასკომები, მაგრამ ერთი რამ მაინც აშკარაა, რომ ისინი კომპსონები არ არიან. ჯეისონი უარყოფითადაა განწყობილი საკუთარი ოჯახის სამხრეთული ტრადიციების მიმართ, მისი ფხიზელი პრაქტიკული გონება და განწყობისათვის რომანტიკა სრულიად უცხოა. ოჯახის წარსულ პატივსა და სიამაყეს ის ირონიულად უყურებს. ერთგან გონებამახვილურად შენიშნავს კიდეც, კიდევ კარგი ჩვენი წინაპრები მხოლოდ გუბერნატორები და გენერლები იყვნენ და მათ შორის მეფეები და პრეზიდენტები არ გამოერივნენ, თორემ ჩვენ ყველანი ახლა საგიჟეთში ამოვყოფდით თავს და პეპლების ჭერით ვიქნებოდით გართულნიო. წარსულის ხილვა ჯეისონს არც აწუხებს, ის მხოლოდ დღევანდელი დღით ცხოვრობს. უმეგობრო და მარტოხელაა, დაუნდობელიც, გზის გაკაფვა სწადია საქმოსანთა წრეებში, მაგრამ ვერ ახერხებს. მთელი მისი გესლი, ცივი ანგარება, სიცბიერე ამაოდ იხარჯება, ამაოდ ხმაურობს და მძვინვარებს ჯეისონი, დაკარგუს ვეღარ პოულობს.

მე–20 საუკუნის ეს დაჩიავებული მაკბეთური ხასიათი, მაკბეთივით მიდის დამარცხებამდე. ოღონდ ჯეისონს, ცხადია, აღორძინების ეპოქის გმირის პოტენცია, ტრაგიკული სიღრმე, თვითანალიზის უნარი არ გააჩნია, ის მეოცე საუკუნის უსუსური კაცუნაა, პრაქტიკოსი, ცინიკოსი, ფულის და მდგომარეობის საბრალო მაძიებელი. ტახტის უზურპაციისათვის ჩადენილმა ულმობელმა დანაშაულებმა, ზნეობრივმა დაცემამ მაკბეთი ცხოვრების ამაოების შეგრძნებამდე მიიყვანა, მორალურად განადგურებულმა ყოველგვარი მოქმედება და მისწრაფება ტაკიმასხარობად მიიჩნია. ჯეისონის მთელი ცხოვრებაც ასეთივე შინაარსისაა. ანგარებითა და დანაშაულებით ის მართლაც არის "ტაკიმასხარა, რომელსაც დრო აქვს, ადის მაღალ სცენაზედ და იჭიმება, იგრიხება".

ნაწილების თანმიმდევრული ანალიზი ნათელჰყოფს, რაც უფრო შევდივართ რომანის სიღრმეებში, მით უფრო ცოცხლდება და იზრდება მაკბეთის სიტყვების მნიშვნელობა, მით უფრო იხსნება ყოველი ნაწილის შინაარსი. ეს ითქმის რომანის პირველ სამ მონაკვეთზე, მაგრამ ბოლო, მეოთხე ნაწილის განხილვისას იმგვარი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ის მოწყვეტილია მაკბეთურ განწყობილებას, სათაურის აზრი მასზე არ ვრცელდება. ამიტომაცაა, რომ ფოლკნეროლოგები რომანისა და მისი სათაურის შედარებისას ამ ნაწილს დუმილით გვერდს უვლიან.

მეოთხე ნაწილის მთავარი გმირი, ერთგული მსახური, მოხუცი ზანგი ქალი დილზი, კომპსონების მთელი ტრაგედიის მოწმეა. რიჩარდ ჩეიზი მას კომპსონების "ტრაგედიის ქოროს" უწოდებს. დილზი სათნო, ამტანი, სპეტაკი პიროვნებაა.

საგულისხმოა დილზის დამოკიდებულება დროისადმი. კომპსონთა დასამშვიდებლად და გადასარჩენად დაუღალავად მოფუსფუსე, უდრტვინველი დილზისათვის დრო სანდრო მეგობარია. მისთვის უცხოა ის მწვავე განხეთქილება დროის ობიექტურ კანონზომიერებასა და მის სუბიექტურ აღქმას შორის, რაც ესოდენ დაუნდობლად ანგრევდა კომპსონების ფსიქიკას. დილზის ჯანსაღ სულში ეს ორი დრო ჰარმონიულადაა შერწყმული. ის ყოველთვის ზუსტად გრძნობს დროის დინებას და ხალისით ცდილობს დროს შეუხამოს თავისი კეთილშობილი საქმიანობა. ამ მხრივ ნიშანდობლივია ერთ დეტალი: სამზარეულოს ბნელ კუთხეში ძველი დანჯღრეული საათი ჰკიდია, ცალი ისარი მოტეხილი აქვს, განურჩევლად რეკავს, მაგრამ დილზი ამ არეული საათის მიხედვითაც კი ახერხებს დროის ზუსტად დადგენას, თითქოს აღრეულ დროს ის უპირისპირებს თავის მართებულ, ობიექტური დროის კანონზომიერებასთან შეხმატკბილებულ პირადულ დროს. საათი ჩახრინწული ხმით ხუთს რომ რეკავს, დილზი ამბობს, – "რვა საათიაო"; საათი არასწორად რეკავს, მაგრამ დილზის დრო მაინც არ ეშლება.

მეოთხე ნაწილში გატარებულია ის აზრი, რომ დაცემულობიდან, მორალური დანაშაულიდან, სასოწარკვეთილებიდა, ტრაგიკული დაღუპვიდან, საერთოდ, "ხმაური და მძვინვარებიდა" ხსნის გზა არის მოყვასის სიყვარული, სისპეტაკე, მოთმინება, ამტანობა, ჯანსაღი სული. ასეთია ის აბსტრაქტული ოპტიმიზმი, ის დადებითი იდეალი, რომელიც განსახიერებულია დილზის სახეში და რომლისკენაც მწერალი გზნებით მოუწოდებს ამ რომანის გამოსვლიდან ოცი წლის მერე ნობელის პრემიის მიღების დროს წარმოთქმულ სიტყვაში.

მეოთხე ნაწილი იმდენად ეხმაურება მაკბეთურ მოტივებს, რამდენადაც ის ანტიმაკბეთურია. ეს ერთი შეხედვით, პარადოქსად შეიძლება ჩაითვალოს, მაგრამ, ფაქტია, რომ დილზის არაპატივმოყვარე, არაავადმყოფურ, ამტან, მოსიყვარულე ხასიათში მოცემულია ამაო "ხმაურითა და მძვინვარებით" შეძრწუნებული სამყაროს გადალახვისა და ანტიმაკბეთური სულისკვეთების დამკვიდრების ცდა.

"ხმაურსა და მძვინვარებაში" უხვადაა გაბნეული ბიბლიური, ფოლკლორული, ლიტერატურული სახეები და მოტივები, მათ შორის შექსპირული თემები და სახეები, მაგრამ მთელი ნაწარმოების მთავარ მეტაფორად უნდა ჩაითვალოს მაკბეთის სიტყვები, რაც ნაკარნახევია თვით ამ რომანის სათაურით, სათაურისა და ნაწარმოების ურთიერთმიმართებით.




მოცემული ესსე გამოქვეყნებულია ეთერ თოფურიძის წიგნში "უილიამ ფოლკნერის რომანის პოეტიკა" (გამომცემლობა "საბჭოთა საქართველო", 1984)



1 comment: