Friday, September 22, 2017

პოლ ოსტერი: "რაც შეიძლება ხშირად უნდა ვისაუბრო ღიად, სხვანაირად ცხოვრება არ შემიძლია..."

პოლ ოსტერი, ფოტო: ტიმ ნოქსი / "გარდიანი"



სულ ცოტა ხნის წინ ინგლისურენოვან ლიტერატურაში ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს – ბუკერის პრემიის ნომინანტთა სია გამოქვეყნდა. ჩამონათვალში მოხვდა თანამედროვე ლიტერატურის ერთ–ერთი ყველაზე მძიმეწონიანი და თვალსაჩინო წარმომადგენელი პოლ ოსტერი რომანით "4 3 2 1", რომელიც მან 70 წლის ასაკში დაწერა. ოსტერის ბიოგრაფია, შემოქმედება, უკანასკნელი რომანი და მისი მსოფლმხედველობა – ეს არის ის ძირითადი საკითხები, რომელიც ამერიკელი მწერლისა და ბრიტანული "გარდიანის" ურთიერთობის ფოკუსში მოექცა. ოსტერთან ინტერვიუ "გარდიანმა" 2017 წლის იანვარში ჩაწერა.

პოლ ოსტერი 14 წლის იყო, როდესაც მისგან სულ რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით მყოფ ბიჭს მეხი დაეცა და ადგილზე მოკლა. მაშინ ის საზაფხულო ბანაკში ისვენებდა. "ეს ტრაგედია დღემდე ვერ მომინელებია", – მეუბნება, – "20–მდე ჩვენგანი ძლიერი წვიმის დროს ტყეში ვიყავით. გვითხრეს, რომ ღია ადგილზე უნდა გავსულიყავით. იქამდე რომ მიგვეღწია, ცალ–ცალკე, მავთულებიანი ღობის ქვეშ უნდა გავმძვრალიყავით. სწორედ ამ ღობის ქვეშ მიძვრებოდა ბიჭი ჩემ წინ, როდესაც ღობეს მეხი დაეცა. მასთან იმაზე ახლოს ვიმყოფებოდი, ვიდრე ახლა მე და თქვენ ვართ. თავი მის ფეხებთან მქონდა".

პოლმა თავდაპირველად ვერ გააცნობიერა, რომ ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა. "მას ხელი მოვკიდე და ღობის იქით გავათრიე. და ერთი საათის განმავლობაში, სანამ ჭექა–ქუხილისა და კოკისპირული წვიმის ქვეშ ვიყავით, მისი ენა ხელით მეჭირა, რომ არ გადაყლაპვოდა". მათ ჯგუფში მყოფი ბავშვებიდან კიდევ რამდენიმე დაშავებულიყო. "თავი ომში მეგონა. თანდათანობით ბიჭის სახე ლურჯდებოდა. თვალები ნახევრად ღია ჰქონდა და თეთრი ბადურები მოუჩანდა". მეხი რამდენიმე წამით გვიან რომ გავარდნილიყო, ბიჭის მაგივრად მას დაეცემოდა. ოსტერს გარკვეული დრო დასჭირდა ამის გასაცნობიერებლად. "ხშირად ვფიქრობ იმაზე, რაც მოხდა. ეს ხომ უბრალო შემთხვევითობა იყო. ვფიქრობ, რომ ეს დღე ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ჩემს ცხოვრებაში", – ამბობს მწერალი.

მსგავსი შემთხვევა ხდება ოსტერის ახალ რომანში "4 3 2 1". არჩი ფერგიუსონი, 13 წლის მოზარდი, რომელსაც "კლდის პირზე, ჭვავის ყანაში" იტაცებს და რომელსაც ახალი გამოცდილი აქვს პირველი კოცნა, ძლიერი წვიმისას ტყეში მოხვდება. უეცრად ჩამოვარდნილი მეხი ხეს აზიანებს, რომლის მოტეხილი ტოტიც არჩის კლავს. "მისი უმოქმედო სხეული წყლით გაჟღენთილ მიწაზე იწვა... ჭექა–ქუხილის ხმა კვლავ გაისმოდა, მიწის ერთი ბოლოდან მეორემდე კი ღმერთები დადუმებულიყვნენ".

თუმცა ეს ბედი რომანში მყოფი ოთხი არჩი ფერგიუსონიდან მხოლოდ ერთს ეწევა. ოსტერის შემოქმედებაში ყოველთვის ვხვდებოდით მომენტებს, როდესაც ცხოვრება, გარემოებებიდან გამომდინარე, თავის გეზს იცვლის. "4 3 2 1" ამ იდეის ყველაზე ნათელი გამოვლინებაა. რომანი 1947 წლის 3 მარტს არჩის დაბადებით იწყება. მამამისს ნიუარკში ავეჯის მაღაზია აქვს, დედამისი კი ფოტოგრაფია. შემდეგ კი ფერგიუსონის ისტორიის თხრობა ოთხი სხვადასხვა გზით მიდის. ოთხ სხვადასხვა არჩის საწყისი წერტილი საერთო აქვთ – საერთო მშობლები, საერთო სხეული, საერთო გენეტიკა – თუმცა ზრდასთან ერთად ისინი ცხოვრების სხვადასხვა გზას ირჩევენ. თითოეული ფერგიუსონი ნიუ ჯერსის შტატის სხვადასხვა ქალაქში ცხოვრობს, ჰყავს სხვადასხვა ოჯახი და მეგობრები. სიუჟეტის განვითარებისას ვხედავთ, რომ მათი ცხოვრება ერთმანეთისაგან მკვეთრად განსხვავებულად მიდის: ფულით მოპოვებული გავლენა, ან მისი ნაკლებობა, განქორწინება, განათლება და ყველა სხვა ფაქტორი, რაც ცხოვრების საწყის სტადიაზე გვხვდება. ოსტერი დეტალურად წარმოგვიდგენს ოთხი ახალგაზრდის ცხოვრებას – თავისი უხერხულობით და იმედგაცრუებებით, წიგნების, ფილმების, სპორტის, პოლიტიკისა და სექსისკენ მისწრაფებებით.

ოთხივე არჩი განათლებულია და მწერლობას აპირებს. ოთხივეს უყვარდება დამატყვევებელი ემი შნაიდერმანი, თუმცა ოთხივე შემთხვევაში მათი ურთიერთობა განსხვავებულად ვითარდება. ერთ–ერთი ფერგიუსონი ავარიაში მოყვება და თითებს დაკარგავს; მეორე ბისექსუალია; მესამეს უეცრად ახლო მეგობარი გარდაეცვლება; მეოთხე უნივერსიტეტში სწავლის ნაცვლად პარიზის ერთ–ერთი სახლის სხვენში ცხოვრობს. ერთ–ერთი არჩის მამა ხანძარს ეწირება. უკვე აღვნიშნეთ, რომ ერთ–ერთი არჩის ცხოვრება დანარჩენებზე ხანმოკლე აღმოჩნდება. მეხის დაცემის შედეგად რომანში სამი არჩიღა გვრჩება და თანდათანობით წიგნის სათაურიც უფრო გამოკვეთილ მნიშვნელობას იძენს.

"რამდენადაც ვიცი, ასეთი სტრუქტურით რომანი აქამდე არავის დაუწერია", – ამბობს ოსტერი. ბრუკლინში მის სახლში ვსხედვართ. ვცდილობთ, მსგავსება ვიპოვოთ სხვა ნაწარმოებებთან. მე კეიტ ატკინსონის "ცხოვრება ცხოვრების შემდეგ" მახსენდება, პოლი ქშიშტოფ კესლევსკის ფილმზე საუბრობს. თუმცა ზუსტად იდენტური არც ერთი არ არის. "თავდაპირველად არ ვიცოდი, რამდენი ფერგიუსონი უნდა მყოლოდა", – აგრძელებს ოსტერი, – "უბრალოდ ვიცოდი, რომ ეს იყო იდეა, რაზეც წერა მთელი ცხოვრების განმავლობაში მინდოდა". რასაც ის გულისხმობს, არის არამხოლოდ გარემოებების და მოულოდნელობების როლი ჩვენს ცხოვრებაში, არამედ ის "რა იქნებოდა", რომელიც ხშირად გვაფიქრებს და წარმოგვადგენინებს წარმოსახვით ცხოვრებას, რომელიც ჩვენი სიცოცხლის პარალელურად მიმდინარეობს. როგორ იქნებოდა ყველაფერი, იმ სკოლაში რომ არ მევლო, რომელშიც დავდიოდი, ან არ შევხვედროდი იმ ადამიანს, რომელზეც ვიქორწინე? ეს ყველაფერი ჩვენი შესაძლო სიცოცხლის (და სიკვდილის) აჩრდილებს ქმნის. "ეს არის იდეა, რომელმაც ამ რომანის წერისაკენ მიბიძგა", – ამბობს ოსტერი.

"4 3 2 1"–ის გამოცემა მწერლის 70–ე დაბადების დღეს დაემთხვა. როგორც ის ამბობს, ეს მის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნია. არამხოლოდ იმიტომ, რომ ის 900 გვერდს შეიცავს, სამჯერ იმაზე მეტს, ვიდრე რომელიმე მისი 16 წინა რომანიდან. "ვფიქრობ, ჩემი შემოქმედების განმსაზღვრელი ეს წიგნი იქნება. მთელი ცხოვრება ამ წიგნის დაწერას ველოდი. მთელი ეს წლები ამისათვის ვემზადებოდი", – აღნიშნავს ოსტერი.

წერის პროცესი სწრაფად მიდიოდა. "ქვემოთ, ჩემი სარდაფის ოთახში ვიჯექი და ვწერდი. კვირაში თითქმის შვიდი დღე ვმუშაობდი. მინდოდა, მისი დაწერა მომესწრო". ჩერდება და ელექტრო სიგარეტს აბოლებს. ორი წლის წინ მან თავისი განუყრელი ჩიბუხით მოწევას თავი დაანება (რამაც მას დამახასიათებელი ჩახლეჩილი ხმის ტემბრი დაუტოვა, რაც, როგორც თვითონ ამბობს, ხეზე ფურცლის ფხაჭუნის ხმას აგონებს). "წერა 66 წლისამ დავიწყე. ამ ასაკში მამაჩემი გულის შეტევით გარდაიცვალა და როდესაც ამ ზღვარს მივაღწიე, მეგონა, რომ უეცრად მეც უნდა მოვმკვდარიყავი. ახლა ამ აზრს უკვე გადავევეჩვიე".

1980–იან წლებში, "ნიუიორკული ტრილოგიის" გამოშვების შემდეგ ოსტერი საერთაშორისო ლიტერატურული სცენიდან აღარ ჩამოდის. მან თავი დაიმკვიდრა, როგორც მწერალმა, რომელსაც ცოცხალი, ეგზისტენციალური სიუჟეტების შექმნა შეუძლია. ტრილოგიის პირველ ნაწილში, "შუშის ქალაქი", ვხვდებით მწერალს, ქუინს, რომელსაც ხშირად ოსტერის პროტოტიპად აღიქვავენ. ეს არის პოსტმოდერნულად მოყოლილი ამბავი ადამიანური გაუცხოებისა, რომლითაც, როგორც ერთ–ერთმა რედაქტორმა აღნიშნა, ოსტერი "კაფკას მიეპარა". თავისი შავი ტანსაცმლით, ფრანგული პოეზიის ცოდნით, ბეისბოლისა და სემუელ ბეკეტის სიყვარულით ოსტერმა ლიტერატურულ საზოგადოებას ელეგანტური და ხელმისაწვდომი ინტელექტუალიზმი შესთავაზა, რომლითაც ამერიკა და ევროპა ერთმანეთს დააკავშირა. ის ნათელი მაგალითია ავანგარდული მწერლისა, რომელმაც მეინსტრიმულ აუდიტორიამდე თავისი გზა იპოვა.


ოსტერის ინტერვიუ BF1-თან

საფრანგეთმა ოსტერი მოკრძალებით მიიღო, ევროპაში კი ის ყველაზე გაყიდვადი ავტორი გახდა. მიუხედავად ამისა, თავდაპირველად ამერიკაში მასზე ძალიან ცოტამ თუ იცოდა, სანამ 90–იანების შუაში უიენ უანგთან ერთად ფილმი "კვამლი" არ გადაიღო და სხვა ფილმებშიც არ მიიღო მონაწილეობა. ამის შემდეგ მეტი და მეტი ყურადღება მიაქციეს მის ავტობიოგრაფიულ ნამუშევრებსა და რომანებს, მაგალითად, "მუსიკის შანსს", რომელიც მარტოსული მამაკაცის ცხოვრებას აღწერს და რომლითაც ოსტერი აბსურდიზმს მიუბრუნდა. ის წიგნებს საკმაოდ ხშირად აქვეყნებდა და საბოლოო ჯამში მკვეთრად განსხვავებული შინაარსისა და სტრუქტურის რომანები დაუგროვდა. მისი ახლო მეგობრები – დონ დელილო, სალმან რუშდი, პიტერ კერი და ჯონ მაქსველ კუტზეე, ყველანი უმაღლესი ლიგიდან არიან. ოსტერის ცოლი, სირი ჰუსტვეტდიც მწერალია. ეს წყვილი – ოსტერი ემოციური და ღრმა გამოხედვით, ჰუსტვეტდი კი ქერა და ელეგანტური – ერთხელ Gap–ის რეკლამაშიც მიიწვიეს, სადაც მათ ქალაქელი დახვეწილი ინტელექტუალები განასახიერეს. დღეს ოსტერი შედარებით უფრო ძველმოდური, ტრადიციული ბრუკლინელია, თუმცა მისი სოციალური სიმაღლე არ შეცვლილა.

როგორც ლიტერატურის მემარცხენე ფრთის წარმომადგენელს, ოსტერს არასოდეს ეშინოდა პოლიტიკაზე საკუთარი აზრის გამოთქმის. ის ღიად დაუპირისპირდა ჯორჯ ბუშის გადაწყვეტილებას ერაყში სამხედრო ძალების შეყვანის თაობაზე, ასევე მკაცრად გააკრიტიკა თურქეთის პრემიერ–მინისტრი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი მწერლების დაპატიმრების გამო. ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ცოტა ხნის ადრე მან საპრეზიდენტო კანდიდატ დონალდ ტრამპზეც ისაუბრა: "ბოლო დროს მასზე ხშირად ვფიქრობ. მისი დევიზი "კვლავ გავხადოთ ამერიკა ბრწყინვალე", უფრო მეტად ნიშნავს "გავხადოთ ამერიკა თეთრი". ჩვენი ქვეყნის მომავლის გამო ასეთი სასოწარკვეთლი ადრე არასოდეს ვყოფილვარ.

ტრამპის გამარჯვების შემდეგ ოსტერი ამბობს, რომ "ის ძალიან გაოცებულია შედეგებით. ეს არჩევნები და მისი შედეგი ყველაზე შემაძრწუნებელია რამ არის, რაც პოლიტიკაში მინახავს". ის, რომ რუსეთმა არჩევნების შედეგებში თავისი წვლილი შეიტანა, ოსტერის თქმით "ომის გამოცხადებას ნიშნავს, ოღონდ ტყვიების გარეშე". ის აღნიშნავს, რომ ტრამპის გამარჯვების შემდეგ არც კი იცოდა, როგორ უნდა გაეგრძელებინა ცხოვრება. თუმცა შემდეგ გადაწყვიტა, რომ ემოქმედა. "მივედი იმ დასკვნამდე, რომ დავთანხმებულიყავი შემოთავაზებას, რომელიც წლების განმავობაში მქონდა და ამერიკის მწერალთა კავშირის თავმჯდომარე გავმხდარიყავი. აქამდე კავშირის ვიცე–პრეზიდენტი და მდივანი ვყოფილვარ, თუმცა სრული ტვირთის ჩემს თავზე აღება არ მსურდა. ახლა კი ეს გადაწყვეტილება მივიღე. საქმეს 2018 წლის დასაწყისიდან შევუდგები. რაც შეიძლება ხშირად უნდა ვისაუბრო ღიად, სხვანაირად ცხოვრება არ შემიძლია", – ამბობს ოსტერი.

"4 3 2 1"–ში ახალგაზრდა არჩი ფერგიუსონები ხვდებიან 1960–იანი წლების ამერიკის მნიშვნელოვან მოვლენებს: სამოქალაქო უფლებების მოძრაობის აქციებს, ჯონ კენედის მკვლელობას, ვიეტნამის ომსა და 1968 წელს კოლუმბიის უნივერსიტეტის სტუდენტთა საპროტესტო გამოსვლებს. "მიუხედავად იმისა, რომ ეს წლები ხმაურიანი და ამაღელვებელი იყო, ეს არ იყო ისეთი შემაშფოთებელი, როგორიც ახლანდელი მოვლენები", – აღნიშნავს ოსტერი, – "ამერიკელთა ცხოვრებაში მას შემდეგ ძალიან ცოტა რამ შეიცვალა. რასიზმი კვლავ მნიშვნელოვანი პრობლემაა. კვლავ იღებენ სულელურ გადაწყვეტილებებს საგარეო პოლიტიკის კუთხით. ქვეყანა ისევეა გახლეჩილი ახლა, როგორც მაშინ. როგორც ჩანს, ამერიკა ყოველთვის იყო გაყოფილი იმ ადამიანებს შორის, რომელიც ყველაფერზე მაღლა ინდივიდს აყენებენ და მათ შორის, ვისაც სწამს, რომ ჩვენ ყველამ საკუთარი წილი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ ერთმანეთზე".

უკანასკნელი დეკადის დიდი ნაწილი ოსტერმა თავის ბავშვობასა და იმ ამერიკაზე ფიქრში გაატარა, რომელშიც გაიზარდა. მას შემდეგ, რაც 50 წელს გადააბიჯა და პირველად შეერყა ჯანმრთელობა, მისი რომანების ფოკუსში ("ტიმბუკტუ", "ილუზიების წიგნი", "მისნის ღამე")ავადმყოფი ადამიანები და მათ ცნობიერებაში გარდაცვლილ ახლობლებზე ფიქრი მოექცა. თუმცა, გახდა 60 წლის და ოსტერი თითქოს წარსულში დაბრუნდა (ის ხშირად ახსენებს მონაკვეთს ჯორჯ ოპენის ლექსიდან სიბერესთან დაკავშირებით, რომ ის "უცნაური რამ არის, რაც პატარა ბიჭს შეიძლება შეემთხვეს"). მისი მე–13 რომანში, "უჩინარი", სადაც მოქმედება 60–იანი წლების მიწურულს ვითარდება, ვხვდებით კოლუმბიის უნივერსიტეტის სტუდენტს. სწორედ ეს ამ დროს და ამ უნივერსიტეტში სწავლობდა ოსტერიც. მწერლის ორ უკანასკნელ ავტობიოგრაფიულ ნაწარმოებშიც ("ზამთრის ჟურნალი" და "შინაგანი ანგარიში") ვხვდებით მონაკვეთებს, სადაც ის თავის ბავშვობას და მაშინდელ განცდებს იხსენებს. "ვფიქრობ, ამ ორმა წიგნმა დაუდო სათავე ჩემს ბოლო რომანს. წარსულში ამდენ ხანს რომ არ მექექა, არამგონია 4 3 2 1–ის იდეა დამბადებოდა", – ამბობს პოლი.

***

ოსტერის მსგავსად, არჩი ფერგიუსონის ტინეიჯერობის წლებიც 1960–იან წლებში იწყება. როგორც ოსტერი აღნიშნავს, მას სურდა გადმოეცა, თუ რას განიცდიდა იმ პერიოდში მცხოვრები მოზარდი. "რომანი მოგვითხრობს ადამიანის განვითარებაზე... და მისი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპებზე", – ამბობს მწერალი. "დედამისის სახელი იყო როუზი", – ასე იწყება პირველი ფერგიუსონის ისტორია, – "და როდესაც არჩი იმხელა გახდა, რომ თავად შეეკრა თასმები და საწოლი აღარ ჩაესველებინა, მასზე დაქორწინებაც გადაწყვიტა". "4 3 2 1" გვიყვება იმ მისწრაფებებსა და მოვლენებზე, რამაც არჩის ჩამოყალიბებაში თავისი როლი ითამაშა. კენედის მკვლელობის დღეს ფერგიუსონ 1–ს პირველად ჰქონდა სექსი ემისთან – ისინი საათობით უყურებდნენ ტელევიზორში ახალ ამბებს, შემდეგ კი საწოლში გადაინაცვლეს.

სიუჟეტი გრძელდება სხვა ცნობილი მოვლენებით: ერთ–ერთი ფერგიუსონი ალაბამაში ჯარისკაცების მხრიდან მუშათა აქციის მონაწილეებზე ძალადობას შეესწრება, ვიეტნამში გაგზავნილი სამხედროების რაოდენობა ორმაგდება. ერთ–ერთ ფერგიუსონს მამინაცვალი ეყოლება, სცენაზე შემოდის სპორტი, იწყება ავტომობილებით მასობრივი მოძრაობა, ვოლტერის "კანდიდით" აღფრთოვანება, აშშ–ს პრეზიდენტად ლინდონ ჯონსონის კანდიდატურა განიხილება. თითეული ფერგიუსონი დრეკადობის მდგომარეობაში იმყოფება და თანდათანობით ყალიბდება. ისინი მოუმწიფებელი, მგრძნობიარე და პირდაპირები არიან: ოსტერის თქმით, მას სურდა აღეწერა ის ქაოსი, რაც არჩის გონებაში დაბუდებულიყო. წინააღმდეგობრივი გადაწყვეტილებები, რომელსაც არჩი ზოგჯერ სიხარბით, ზოგჯერ კი რბილი ხასიათის გამო იღებდა. 

ოსტერს ხშირად აკრიტიკებდნენ სტერეოტიპულობის გამო. ამიტომ "4 3 2 1"–ში მან სტილი ცოტათი შეცვალა. ამ რომანს ის აღწერს, როგორც ყველაზე ნამდვილს, რაც კი ოდესმე დაუწერია. ნაკლებად ვხვდებით მხატვრულ გადასვლებს და მისთვის დამახასიათებელ მინიმალიზმს: "4 3 2 1" კონცენტრირებულია დეტალებზე და დაწერილია გრძელი წინადადებებით, რომლებიც ხშირად რამდენიმე გვერდზეც კი გრძელდება.

"ჩემს ბოლოდროინდელ ნამუშევრებში ეს რამდენჯერმე ვცადე და გარკვეული სილაღე ვიგრძენი გრძელი წინადადებების წერისას, რომლებიც შეიძლება სამ გვერდზეც გაგრძელდეს", – ამბობს ოსტერი. ეს არ არის კლასიკური ცნობიერების ნაკადი, თუმცა როგორც მკითხველი, თვალს ადევნებ, თუ როგორ ყალიბდება პერსონაჟის განცდები. თუ ჩვეულებრივ შემთხვევაში პერსონაჟმა უნდა "აჩვენოს და არა მოყვეს", ერთ–ერთი ფერგიუსონი ამას უარყოფს და მხოლოდ "ყვება და ყვება". თავად ოსტერის თქმით, "4 3 2 1" მოყოლილი ისტორიაა. რომანი ბევრ ისეთ საკითხს შეიცავს, რომელზეც მწერალს დიდხანს უფიქრია, თუმცა ეს ნაფიქრი განსხვავებული გზით წარმოაჩინა.


"4 3 2 1"–ის ერთ–ერთი ყდა



ვერ ვიტყვით, რომ "4 3 2 1"–ში ოსტერმა თავისი წარმოსახვითი სამყაროს ეშმაკობები დაივიწყა. მაგალითად, კოლუმბიის უნივერსიტეტში ფერგიუსონის სწავლისას ვხვდებით უამრავ პერსონაჟს ოსტერის სხვა რომანებიდან, რომლებმაც ასევე მისი ალმა მატერი დაამთავრეს – მარკო სტენლი ფოგს "მთვარის სასახლიდან", დევიდ ციმერს "ილუზიების წიგნიდან", პიტერ აარონს "ლევიათანიდან", ადამ უოკერს "უჩინარიდან". როგორც ოსტერთან ხშირად ხდება, მკითხველი სარკეებით სავსე დარბაზში ამოყოფს თავს. "დიახ, ისინი ყველანი აქ არიან. მსურდა, რომ ბიჭები ერთად შემეკრიბა და ამ რომანში მყოლოდა. უბრალოდ გასართობად", – ამბობს მწერალი.

ასევე, რომანის უკანასკნელ გვერდებზე ვკითხულობთ მნიშვნელოვან წინადადებას, რომელიც "ადამიანის მიერ ცხოვრებაში გასავლელ განშტოებულ ბილიკებზე" მიგვანიშნებს. ცხადია, ეს ალუზიაა ხორხე ლუის ბორხესის მოთხრობა "განშტოებულ ბილიკთა ბაღიდან", რომლის ციტატებსაც ხშირად ვხვდებით ნიუიორკული ტრილოგიის დიალოგებში. ეს ნიშნავს, რომ მომხდარ მოვლენათა ყველა შესაძლო შედეგი ერთმანეთის პარალელურად ხდება. გარდა ამისა, "4 3 2 1" ოსტერისათვის დამახასიათებელი ჯადოქრობით მთავრდება, რაც რომანის ბუნებას სრულიად ცვლის.

"4 3 2 1" ასევე ოსტერის პირად გამოცდილებებზეც გვიყვება. როგორც მისი ავტობიოგრაფიიდან ვიცით, მწერალი, მესამე ფერგიუსონის მსგავსად, ახალგაზრდობაში პარიზის ერთ–ერთი სახლის სხვენში ცხოვრობდა. თავისი პერსონაჟის მსგავსად, ისიც სტუმრობდა მეძავებს და ა.შ. მაგალითები იმდენია, რომ მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. მათთვის, ვინც ოსტერის შემოქმედებას კარგად იცნობს, ეს რომანი ექოსავით მოისმის – ნაცნობი თემებითა და ეპიზოდებით, მათ შორის მეხის ეპიზოდით, რომელიც მას სხვაგანაც მოუყოლია და რომელიც რამდენიმე ფერგიუსონის ნარატივში ირეკლება. როგორც ჩანს, ავტორის მთელი ცხოვრება ამ რომანშია გაჟღენთილი.

"დიახ, რამდენიმე ეპიზოდი ჩემი ცხოვრებიდან გადმოვიტანე", – ადასტურებს ოსტერი, – "თუმცა რომელი მწერალი არ აკეთებს ამას?" თუმცა სხვა მწერლებისგან განსხვავებით, ის არ უარყოფს, რომ მხატვრული ლიტერატურა ამბების მოგონებასაც მოიცავს და ზუსტად აღწერს, თუ რომელი ეპიზოდები აქვს ნასესხები საკუთარი ცხოვრებიდან. მაგალითად, კალათბურთის მატჩი მეოთხე ფერგიუსონის მონაწილეობით, რომელიც სასწაულებრივად ჩაგდებული ბურთითა და თეთრკანიან და ფერადკანიან ბავშვებს შორის ჩხუბით სრულდება. ოსტერს ასეთ მატჩში მონაწილეობა მართლაც მიუღია. როგორც თვითონ ამბობს, მაშინ "14 წლის იდეალიზმით სავსე ბავშვი იყო. ამ შემთხვევამ კი მისი დემორალიზება გამოიწვია". ის ასევე ახსენებს პერსონაჟს, რომელიც მისი მეგობრის მამის ზუსტი ანალოგია – ადამიანი, რომელიც უამრავ ისტორიას ყვება "საზღვაო ვოიაჟებზე, ქალის წინდებსა და პირველ მარტინიზე". ასევე რომანში ოსტერს გამოყენებული აქვს ცენტრალური პარკის კუთხეში მდებარე მისი ბებია–ბაბუის ბინაც.

შეგვიძლია ცოტა შორს კიდევ წავიდეთ. ოსტერს რომანში გადმოტანილი აქვს თავისი  სიყვარული "ლორელისა და ჰარდის" მიმართ, როდესაც მეორე ფერგიუსონი განუწყვეტლივ უყურებს მათ ფილმებს სახლში პროექტორზე. მწერალს ნასესხები აქვს ასევე ახალგაზრდობის კიდევ ერთი ეპიზოდი, როდესაც ფრანგულ პოეზიას თარგმნიდა (პირველ ფერგიუსონსაც აქვს მსგავსი მიდრეკილება) და გიიომ აპოლინერის ერთ–ერთი ლექსიც თარგმნა. კოლუმბიის უნივერსიტეტის პერიოდი, როგორც მწერალი ამბობს, ზუსტად ისევეა მოთხრობილი, როგორც სინამდვილეში მოხდა. 1967 წელს ოსტერი თავად მონაწილეობდა სტუდენტურ გამოსვლებში, დააკავეს და დაარბიეს კიდეც. ამბოხის ციებ–ცხელების პიკში, ოსტერი ფედერალური ბიუროს მიერ ძებნილი ათი ადამიანიდან შვიდს პირადად იცნობდა.

მიუხედავად იმისა, რომ ამ რომანში პირადი ცხოვრების ასეთი დოზით გადმოტანამ მკითხველთა ნაწილის კრიტიკა დაიმსახურა, ოსტერი ამას ყურადღებას არ აქცევს: "ვცდილობ, ჩემს შემოქმედებაში წარმოვაჩინო ისეთი სამყარო, როგორსაც ვიცნობ – რეალობა, რომელიც გამოვიარე და განვიცადე და რომელიც სავსეა სიურპრიზებით', – აღნიშნავს მწერალი.

***


ოსტერი იხსენებს დღეს, რომელმაც მისი, როგორც მწერლად ჩამოყალიბებას ჩაუყარა საფუძველი. პოლი 8 წლის იყო, როდესაც "ნიუ იორკ ჯაიანთსის" თამაშზე ყოფნისას, მთელი გამბედაობა მოიკრიბა და თავის კერპს, უილი მეისს ავტოგრაფი სთხოვა. თუმცა აღმოჩნდა, რომ არც დედამისს და არც მამამისს ფანქარი არ აღმოაჩნდათ, მოთამაშემ კი მხრები აიჩეჩა და წავიდა. ოსტერი ატირდა, სძულდა საკუთარი თავი ტირილის გამო, მაგრამ ამ დღიდან მოყოლებული, სახლიდან ფანქრის გარეშე აღარასოდეს გამოსულა. "თუ ჯიბეში ფანქარი გიდევთ, შესაძლოა ერთ დღეს მისი გამოყენების ცდუნებამაც წაგძლიოთ", – ამბობს ის. ამ ამბიდან 52 წლის შემდეგ მეისმა მას ხელმოწერილი ბურთი აჩუქა.

სამწერლო ასპარეზზე "ნიუიორკული ტრილოგიით" გამოჩენა ოსტერს მაშინ მოუწია, როდესაც თითქმის 40 წლის ხდებოდა (მისი "შუშის ქალაქი" იქამდე 17 გამომცემელს ჰქონდა დაწუნებული). სანამ წარმატება მოვიდოდა, იყო წლები, როდესაც არაფერი გამოსდიოდა. ამის შესახებ ოსტერი თავის მემუარებში წერს, "ადრეული წარუმატებლობის ქრონიკების" თავში. 1971 წლიდან ის საფრანგეთში მწერალ ლიდია დევისთან ერთად ცხოვრობდა, რომელიც კოლეჯში სწავლისას გაიცნო. მათ თავი კრიტიკული წერილებისა და თარგმანების გამოქვეყნებით გაჰქონდათ და მიაჩნდათ, რომ სიღარიბე, რომელშიც იმყოფებოდნენ, რომანტიკული იყო. თუმცა ეს იქამდე, სანამ სიტუაცია გამოუვალი არ გახდა. საბოლოოდ ისინი ამერიკაში დაბრუნდნენ და 1974 წელს დაქორწინდნენ. მაშინ ჯიბეში სულ ცხრა დოლარი ჰქონდათ. მომდევნო წელს მათ უკვე ვაჟი, დენიელი შეეძინათ და ნიუ–იორკში სახლიც იყიდეს. თუმცა ოსტერი მალევე მიხვდა, რომ ეს კარგი გადაწყვეტილება არ იყო. სახლის უკანა აივანზე მან ნაცისტური პამფლეტები და "სიონისტ ბრძენკაცთა კრების ოქმების" ასლი იპოვა. და როცა ოთახში კარადას წევდა, ყვავის ფიტულსაც მიაგნო – ავის მომასწავებელ ნიშანს.

მომდევნო წლები მის ცხოვრებაში ყველაზე არასახარბიელო იყო. ფინანსურად იმდენად გაუჭირდა, რომ ერთი პირობა სარეკლამო მესიჯზე გამოხმაურებაც იფიქრა, რომელიც სარდაფში ჭიების მომრავლებით ფულის შოვნას ჰპირდებოდა. "მთელი ცხოვრება ისე გავატარე, რომ ფულის საკითხს მაქსიმალურად ვირიდებდი თავიდან", – წერს ის მემუარებში, – "და უეცრად, ამის გარდა სხვა არაფერზე ფიქრი არ შემეძლო". დევისთან არასტაბილური ქორწინება 1978 წელს დასრულდა და მწერლის ცხოვრებაში კრიზისის დრო დადგა. "მიწამ გახსნა დაიწყო... ყველაფერი ის, რასაც ვეჭიდებოდი, ხელიდან გამომეცალა", – იხსენებს ოსტერი.

მომდევნო წელს, მამამისის, სემის გარდაცვალებამ (მეგობარ გოგოსთან სექსის დროს გულის შეტევა მოუვიდა) მის ცხოვრებაში ცვლილებებს დაუდო სათავე. პოლმა მამისგან მცირე მემკვიდრეობა მიიღო, რომლის წყალობითაც წერა და ამ პერიოდში დაწერა "მარტოობის გამოგონება". მისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა იმის აღმოჩენა, რომ 1919 წელს მისმა ბებიამ საკუთარი ქმარი მოკლა. მაშინ ის დროებით ჭკუიდან შეშლილად შერაცხეს და პატიმრობა არ მიუსაჯეს, მისმა ხუთმა შვილმა კი ამბავი არ გაახმაურა. სემ ოსტერი მაშინ რვა წლის იყო: "შეუძლებელია, ბიჭმა ასეთი ამბავი ისე გადაიტანოს, რომ ამან გავლენა არ მოახდინოს მისი, როგორც კაცის ჩამოყალიბებაში".


პოლ ოსტერი და სირი ჰუსტვედტი. ფოტო: The Australian


1981–ში, "მარტოობის გამოგონების" გამოქვეყნებამდე ერთი წლით ადრე, ოსტერი პოეზიის საღამოზე სირი ჰუსტვედტს შეხვდა. "სასაცილო ის არის, რომ მე მხოლოდ 60 წამი დამჭირდა მის შესაყვარებლად, მას კი რამდენიმე საათი", – იხსენებს სირი, – "ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა". ოსტერი ხშირად ამბობს, რომ სირიმ ის გადაარჩინა. "ახლა უკვე 36 წელია ერთად ვართ და შეიძლება ეს ძალიან სენტიმენტალურად ჟღერდეს, მაგრამ ის ყველაზე ჭკვიანი ადამიანია მათ შორის, ვინც კი ოდესმე შემხვედრია", – მეუბნება პოლი. ის მისი რომანების პირველი მკითხველია და, როგორც პოლი ამბობს, მის შენიშვნებს ყოველთვის ითვალისწინებს. ცოტა ხნის წინ ჰუსტვედტმა ესსეების კრებული გამოაქვეყნა სახელწოდებით "დაკვირვება მამაკაცებზე, რომლებიც ქალებს აკვირდებიან". პოლს ვეკითხები, გაიზიარა თუ არა სირიმ მისი შეხედულებები ქალებზე. "არა, პირიქით, ამ წლების განმავლობაში მე ვისწავლე მისგან ძალიან ბევრი. ის მგზნებარე ფემინისტია და ამ საკითხთან მიმართებით მეც ვიზიარებ მის ყველა პოზიციას", – ამბობს პოლი.

***

ჰუსტვედტთან შეხვედრა, რომელმაც პოლის ცხოვრება შეცვალა, ერთ–ერთია იმ დამთხვევათაგან, რაც ცხოვრებაში შეხვედრია. ამავე წარმატებით, როგორც ის ამბობს, არასოდეს დაწერდა "შუშის ქალაქს", ზედიზედ ორჯერ შეცდომით რომ არ დაერეკათ მის ტელეფონზე და პინკერტონის დეტექტივთა სააგენტო არ ეკითხათ. მოვლენათა ასეთმა დამთხვევამ შეიძლება შორს წაგვიყვანოს, მაგრამ ოსტერს ამის სჯერა: "ისინი, ვისაც ჩემი შემოქმედება არ მოსწონს, ხშირად ამბობენ, რომ დამთხვევები ხელოვნურად ხდება, თუმცა ეს ასე არ არის. უბრალოდ, ცხოვრებაა ასეთი".

თითქოს ამის დასამტკიცებლად, 1999–დან 2001 წლამდე ოსტერმა მონაწილეობა მიიღო ამერიკის საზოგადოებრივი რადიოს პროექტში, სადაც ის ჩვეულებრივი მოქალაქეების მოყოლილ ამბებს ხმამაღლა კითხულობდა – ნამდვილ ამბებს, რომლებიც ისე ჟღერდა, როგორც გამოგონილი. თავდაპირველად მან მსმენელებს მოუწოდა, მოეყოლათ ამბები, რომლებიც ეწინააღმდეგებოდა მათ წარმოდგენებს ცხოვრების შესახებ, ანეკდოტები, რომლებიც წარმოაჩენდა ჩვენი ცხოვრების წარმმართველ მისტიურ და უცნობ ძალებს. მოწოდება წარმატებული აღმოჩნდა. რადიოს ათასობით ადამიანი დაუკავშირდა. საბოლოო ჯამში მათი ისტორიები გადაირჩა და "ამერიკული ცხოვრების ნამდვილი ისტორიების" სახელწოდებით გამოიცა. ოსტერი ამბობს, რომ რეალობა უცნაური და გამოუცნობია. და მას უხარია, რომ არ არის ერთადერთი, ვინც ასე ფიქრობს.

"4 3 2 1"–ის დასაწყისსა და ბოლოში ვხვდებით ხუმრობას დამთხვევების შესახებ. ეს არის ადაპტაცია ძველი ხუმრობისა ებრაელი იმიგრანტის შესახებ, რომელსაც ამერიკის საემიგრაციო სამსახურში გასაუბრებას უტარებენ. გასაუბრებამდე, არჩის ბაბუას, აიზეკ რეზნიკოვს რუსი ებრაელი მეგობარი ურჩევს, რომ ამერიკული ჟღერადობის სახელი აირჩიოს, მაგალითად როკფელერი. თუმცა როდესაც აიზეკი გასაუბრებაზე გადის, გვარი ავიწყდება, იმედგაცრუებული თავს გააქნევს და ივრითზე ჩაილაპარაკებს "Ikh hob fargessen" ("I've forgotten" დამავიწყდა). საემიგრაციო სამსახურის თანამშრომელი კი მის გვარს ჩაიწერს, როგორც ფერგიუსონს. თავდაპირველად ოსტერს რომანისათვის "ფერგიუსონის" დარქმევა სურდა, თუმცა 2014 წელს მისურის ქალაქ ფერგიუსონში მომხდარი სადავო მკვლელობის გამო გადაწყვეტილება შეცვალა.

ოსტერმა თავისი უკანასკნელი რომანი საბეჭდ მანქანა "ოლიმპიაზე" აკრიფა, რომელიც მის სამუშაო მაგიდას 1974 წლის შემდეგ ამშვენებს. მას არ მოსწონს კომპიუტერები და ამბობს, რომ "ამაზონი" მტერია. ყოველდღიურად ის ექვს საათს მუშაობს. ამბობს, რომ წერა დამღლელი საქმიანობაა როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად. საღამოს დასასვენებლად ცოლთან ერთად რომელიმე კლასიკურ ფილმს უყურებს ხოლმე

პოლის თქმით, მხოლოდ წერა შეუძლია მხოლოდ მას, ვინც თავს იძულებულად გრძნობს, ერთ ოთახში გამოიკეტოს და წეროს: "როდესაც ალტერნატივებზე ვფიქრობ, როგორი ლამაზი და საინტერესო შეიძლება იყოს ცხოვრება, მიმაჩნია, რომ ახლა გიჟური ცხოვრებით ვცხოვრობ". ისევ ტრამპსა და ამერიკაზე საუბრისას ის აღნიშნავს, რომ ერთი კითხვა ყოველთვის სტანჯავდა და ეს კითხვა წიგნში მეოთხე ფერგიუსონსაც გაახმოვანებინა – "მსოფლიო რომ იღუპებოდეს, რაში შეიძლება გამოვიყენოთ მხატვრული ლიტერატურა?". როგორც თვითონ ამბობს, ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს. "თუმცა როდესაც გაქვს სოციალური პასუხისმგებლობა, შენში არსებობს მიწოლისა და მოქაჩვის ძალა, რომელიც გიჩვენებს, როგორ უნდა იცხოვრო. მე მაქვს წერის შიმშილი და მინდა, რომ წერა გავაგრძელო, მიუხედავად იმისა, მოვა მუზა თუ არა. ეს არის ის, რაც მაცოცხლებს".




ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ ოსტერმა დაადასტურა, რომ ამერიკის მწერალთა კავშირის პრეზიდენტის თანამდებობა მისთვის ჯერ არ შეუთავაზებიათ. პრეზიდენტის არჩევნები 2018 წელს ჩატარდება და მას ხმის მიცემის წესით აირჩევენ.


სამწუხაროდ, "4 3 2 1" ჯერჯერობით ქართულ ენაზე ნათარგმნი არ არის. ინგლისური ვერსიის შეძენა კი აქ შეგიძლიათ.




No comments:

Post a Comment