Sunday, November 12, 2017

მარიო ვარგას ლიოსა: რატომ ლიტერატურა?


რატომ უნდა ვიკითხოთ წიგნები? დღეს, ციფრულ ეპოქაში, როცა სულ უფრო მეტი თავშესაქცევი ჩნდება და ადამიანს წიგნებისათვის  ნაკლები დრო რჩება, ეს კითხვა აქტუალობას უფრო და უფრო იძენს. სწორედ ამ კითხვაზე ცდილობს პასუხის პოვნას თავის ესეში მსოფლიო ლიტერატურის ცოცხალი კლასიკოსი და 2010 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი, მარიო ვარგას ლიოსა.


რატომ ლიტერატურა?


წიგნის ბაზრობებსა თუ მაღაზიებში ხშირად მოსულან ჩემთან ჯენტლმენები და ავტოგრაფი უთხოვიათ. თანაც აუხსნიათ, ჩემი ცოლისათვის, ქალიშვილისთვის ან დედისთვის მინდაო. ასეთ დროს მაშინვე ვეკითხები ხოლმე: "და საკუთარ თავზე რას იტყვით? თქვენ არ გიყვართ კითხვა?", რაზეც ძირითადად ერთსა და იმავე პასუხს ვიღებ: "დიახ, რასაკვირველია მიყვარს, მაგრამ მე ძალიან დაკავებული ვარ". მსგავსი ახსნა ძალიან ბევრჯერ მომისმენია. ამ მამაკაცებსა და მათთან ერთად ათასობით სხვა მამაკაცს ბევრი მნიშვნელოვანი საქმე, ვალდებულება და პასუხისმგებლობა აქვთ და ცხადია, თავიანთ ძვირფას დროს წიგნში თავჩარგულები ვერ გაფლანგავენ. ფართოდ გავრცელებული შეხედულებით, ლიტერატურა არასავალდებულო აქტივობაა, რომელიც ადამიანს უფრო მეტ თანაგრძნობასა და კარგ მანერებს კი უყალიბებს, მაგრამ ამასთან ერთად ის გართობის საშუალებაცაა და მხოლოდ მოცლილი ხალხის შესაფერად მიიჩნევა. ის თავისუფლად შეგვიძლია მოვათავსოთ სპორტული თამაშების, ფილმების, ბრიჯისა და ჭადრაკის მატჩებს შორის. პრიორიტეტულობის თვალსაზრისით კი მასზე წინ დავაყენოთ ის სავალდებულო აქტივობები, რაც ამ ცხოვრების სიდუხჭირეში ყველა ჩვენგანს აქვს.

ნათელია, რომ ლიტერატურა სულ უფრო მეტად ხდება ქალების თავშესაქცევი. წიგნის მაღაზიებში, კონფერენციებსა თუ მკითხველთან საჯარო შეხვედრებზე ქალები რაოდენობით ყოველთვის აღემატებიან მამაკაცებს. ამ დროს ტრადიციული ახსნა არის ის, რომ საშუალო კლასის ქალები უფრო მეტს კითხულობენ, ვიდრე მამაკაცები, რადგან ისინი ნაკლებს მუშაობენ და შესაბამისად, წარმოსახვითი სამყაროსათვის მეტი დროის დათმობა შეუძლიათ. საერთოდ მე ალერგია მაქვს არგუმენტებზე, რომლებიც ქალებსა და მამაკაცებს განყენებულ კატეგორიებად ჰყოფს და სქესის მიხედვით მიაწერს მათ ღირსებებსა და ნაკლოვანებებს. თუმცა ეჭვი არ არის, რომ დღეს უფრო და უფრო ნაკლები ადამიანი კითხულობს ლიტერატურას და შემორჩენილ მკითხველთა რიგებში ქალები აშკარად აჭარბებენ მამაკაცებს.

ასეთი სურათია ფაქტობრივად ყველგან. მაგალითად, ესპანეთში მწერალთა კავშირის მიერ ბოლო დროს ჩატარებული კვლევის მიხედვით, ქვეყნის მოსახლეობის ნახევარს არასოდეს წაუკითხავს წიგნი. მკითხველ ნახევარში კი ქალები 6,2%–ით აღემატებიან მამაკაცებს. და ეს სტატისტიკა მზარდია. ძალიან ბედნიერი ვარ ამ ქალების გამო და მეცოდებიან მამაკაცები. მეცოდება მილიონობით ადამიანი, რომლებსაც შეუძლიათ კითხვა, მაგრამ ამას არ აკეთებენ.

ისინი ჩემს შეცოდებას იმსახურებენ არა მხოლოდ იმის გამო, რომ ლიტერატურის არწაკითხვით ძალიან დიდ სიამოვნებას იკლებენ, არამედ იმსახურებენ იმიტომაც, რომ საზოგადოება, რომელმაც ლიტერატურა ფარული მანკიერებასავით ცხოვრების უკანა პლანზე მოისროლა, განწირულია სულიერი გაუცხოებისა და თავისუფლების დაკარგვისათვის. მინდა რამდენიმე არგუმენტით შევეწინააღმდეგო იდეას, რომ ლიტერატურისათვის დროის დათმობა ფუფუნებაა და ვთქვა, რომ მე მას ვუყურებ, როგორც გონებისათვის ყველაზე მნიშვნელოვან და საჭირო სავარჯიშოს, რომელსაც შეუცვლელი როლი აკისრია თანამედროვე, თავისუფალი ინდივიდის ჩამოყალიბებაში.

მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარებამ სპეციალიზებული ცოდნა მოგვიტანა. ცხადია, ამას თავისი სარგებელი აქვს – ადამიანები უფრო ღრმად და საფუძვლიანად სწავლობენ იმას, რაც აინტერესებთ. სწორედ ეს არის პროგრესის მთავარი მამოძრავებელი. თუმცა სპეციალიზებულ ცოდნას თავისი უარყოფითი მხარეებიც აქვს – ის თიშავს იმ საერთო ინტელექტუალურ და კულტურულ თვისებებს, რაც ქალებსა და მამაკაცებს აერთიანებს, მათ თანაცხოვრებას და კომუნიკაციას შესაძლებელს ხდის, აძლიერებს სოლიდარობის გრძნობას. სპეციალიზება აქრობს სოციალურ პასუხისმგებლობას, ადამიანებს ტექნიკოსებისა და სპეციალისტების გეტოებად აქცევს. სპეციალიზებული ცოდნა სპეციალიზებული ენისა და ფარული კოდების ცოდნასაც მოითხოვს. ის სულ უფრო სპეციფიკური და ჩახლართული ხდება. მივედით მდგომარეობამდე, რაზეც ძველი ანდაზა გვეუბნებოდა: ნუ გაამახვილებ ყურადღებას მხოლოდ ტოტზე ან ფოთოლზე, თორემ დაივიწყებ, რომ ისინი ხის ნაწილებია და ნუ გაამახვილებ ყურადღებას ხეზე, თორემ დაივიწყებ, რომ ის ტყის ნაწილია. სწორება არა ერთ ტოტზე, არამედ მთელ ტყეზე წარმოშობს გუნდურობის, მიკუთვნებულობის შეგრძნებას, რაც საზოგადოებას ერთ მუშტად კრავს და მის სოლიფსისტურ ერთეულებად დაყოფას უშლის ხელს. სწორედ ერებისა და ინდივიდუალების სოლიფსიზმი წარმოშობს პარანოიას, დელირიუმს, რეალობის ნგრევას, რაც შემდგომში ადამიანების სიძულვილში, ომებსა და გენოციდშიც კი გადაიზრდება ხოლმე.

ჩვენს დროში მეცნიერებასა და ტექნოლოგიებს არ შეუძლიათ ითამაშონ შუამავალი როლი ადამიანებს შორის, რადგან ისინი სპეციალიზებულ ცოდნას მოითხოვენ და ადამიანებს შორის კომუნიკაციისას გაურკვევლობას ქმნიან. ლიტერატურა კი ყოველთვის იყო და სანამ იარსებებს, იქნება კიდეც ადამიანური გრძნობებისა და გამოცდილების ჯამი, რომელშიც თითოეული ადამიანი, განურჩევლად მათი პროფესიისა, ცხოვრებისეული გეგმებისა თუ გეოგრაფიული ლოკაციისა,  საკუთარ თავს ამოიცნობს. ის საშუალებას გვაძლევს, გადავაბიჯოთ ისტორიას: მიუხედავად სხვადასხვა დროსა და ადგილზე ცხოვრებისა, ერთნაირად გავიაზროთ შექსპირი, სერვანტესი, დანტე და ტოლსტოი და მიუხედავად ჩვენს შორის განსხვავებებისა, ვეზიაროთ მათ მიერ შექმნილ ჭეშმარიტებას. არაფერი არ იცავს ადამიანს ცრურწმენებისგან, ნაციონალიზმისგან, რასიზმისა და დისკრიმინაციისგან იმაზე უფრო კარგად, რასაც დიდი ლიტერატურა გვასწავლის – რომ ყველა ადამიანი თანასწორია და მხოლოდ უსამართლობა წარმოშობს მათ შორის დისკრიმინაციასა და შიშებს.

არაფერი გვასწავლის ლიტერატურაზე უკეთ იმას, თუ როგორი მდიდარია ადამიანური მემკვიდრეობა თავისი ეთნიკური და კულტურული მრავალფეროვნებით. კარგი ლიტერატურის კითხვა, ცხადია, იწვევს სიამოვნების შეგრძნებას, თუმცა ამავდროულად გვასწავლის, ვინ ვართ, რანი ვართ, რა ნაკლოვანებები გვაქვს, რა ოცნებები და შიშები გვაქვს და რა გვაკავშირებს ერთმანეთთან.

როგორც ისაია ბერლინმა თქვა, წინააღმდეგობრივი ჭეშმარიტებები ქმნის ადამიანის ბუნებას. დღეს ვერსად ვნახავთ ადამიანის ისეთ ერთიან და ცოცხალ სურათს, როგორსაც ლიტერატურაში ვკითხულობთ. ვერც ფილოსოფიამ, ვერც ისტორიამ, ვერც მხატვრობამ და განსაკუთრებით ვერც სოციალურმა მეცნიერებებმა ვერ შეძლეს ადამიანის ასეთ ერთიან, უნივერსალურ დისკურსში აღწერა. ჰუმანიტარული მეცნიერებებიც სპეციალიზებულ ცოდნამდე მივიდნენ, ისინი მხოლოდ მცირე სეგმენტისათვის არსებობენ, მათი ტერმინების გაგება ჩვეულებრივი აზროვნების ადამიანს უჭირს. ზოგიერთი კრიტიკოსი ლიტერატურას მეცნიერებად მიიჩნევს, თუმცა ეს არასოდეს მოხდება, რადგან შეუძლებელია წარმოსახვითი სამყაროს ფორმულებისა და სქემებისათვის დაქვემდებარება. როგორც პრუსტმა აღნიშნა, "ნამდვილ ცხოვრებას, საბოლოოდ გაცხადებულსა და სრულყოფილს, მხოლოდ ლიტერატურაში ვხვდებით". ის ნამდვილად არ აჭარბებდა. და არც თავისი საქმის სიყვარულს გამოხატავდა. ის ამბობდა, რომ ლიტერატურის წყალობით, ცხოვრებას უკეთესად ვიგებთ და უკეთესს ვხდით. იმისათვის რომ ნამდვილად ვიცხოვროთ, საჭიროა, გავიზიაროთ ის სხვებთან.

ლიტერატურა ანგრევს ყველანაირ სამოქალაქო ბარიერს და ამყარებს კავშირს სხვადასხვა ადამიანს შორის, ანიჭებს მათ საერთო მიზნებს. ლიტერატურას გადავყავართ წარსულში და გვაკავშირებს მათთან, ვინც უკვე იცხოვრა, იფიქრა, იოცნება და შექმნა ტექსტები, რომლებიც ახლა ჩვენ გვაძლევს იმავეს განცდის საშუალებას. იმის შეგრძნება, რომ  შენც ხარ ნაწილი ადამიანური გამოცდილებისა სხვადასხვა დროსა და სივრცეში, კულტურის უმაღლესი მიღწევაა და ლიტერატურაზე მეტად არაფერი უწყობს ხელს ამ შეგრძნების თაობებს შორის გადაცემას.

ბორხესს ყოველთვის აღიზიანებდა, როდესაც ეკითხებოდნენ, რა არის ლიტერატურის დანიშნულებაო. ამ სულელურ შეკითხვაზე ის პასუხობდა, მაშინ თქვენ მითხარით, რა დანიშნულება აქვს იადონის ჭიკჭიკს ან მზის ჩასვლის სილამაზესო. თუ ასეთი მშვენიერებები არსებობს და მათი წყალობით ცხოვრება ნაკლებად მახინჯი და მოსაწყენია, რატომ უნდა ვეძებოთ მათი არსებობის მიზეზი? თუმცა ამ შეკითხვას აქვს არსებობის უფლება. რომანებსა და ლექსებს ვერ შევადარებთ ჩიტების ჭიკჭიკს თუ ჰორიზონტზე ჩასვენებულ მზეს, რადგან ისინი ბუნების კანონს არ შეუქმნია. ისინი ადამიანმა შექმნა და ამიტომ სრულიად ლეგიტიმურია ვიკითხოთ, რატომ და რისთვის შეიქმნა, ან რატომ მოაღწია დღევანდელობამდე.

ლიტერატურული ნაშრომი მწერლის ცნობიერისა და ქვეცნობიერი სამყაროს გაერთიანებით, გარეშე სამყაროს მიმართ მისი მგრძნობელობითა და ემოციებით იქმნება. ეს არის ის, რასაც პოეტი თუ მთხრობელი, სიტყვებთან ჭიდილში, თანდათანობით ანიჭებს ფორმას, სხეულს, მოძრაობას, რიტმს, ჰარმონიასა და სიცოცხლეს. მწერალი ქმნის გამოგონილ სამყაროს – სიტყვების სამყაროს. და ამ სამყაროს ძიებაში არიან ადამიანები, ზოგი ძალიან ხშირად, ზოგიც იშვიათად, მაგრამ ისინი მაინც ეძებენ. ეძებენ იმიტომ, რომ ნამდვილმა ცხოვრებამ მათ რაღაც დააკლო, ვერ მისცა ის, რაც სურდათ. ლიტერატურა ერთი ადამიანის შრომით არ იქმნება. მას სული მხოლოდ მაშინ შთაებერება, როდესაც სხვა ადამიანებამდე მივა, სოციალური ცხოვრების ნაწილი გახდება და საზოგადოდ გაზიარდება.

ლიტერატურა თავის პირველ სასარგებლო ეფექტს ადამიანის სამეტყველო ენაზე ახდენს. საზოგადოება, რომელსაც არ გააჩნია ლიტერატურული ძეგლები, საკუთარ სათქმელს უფრო ნაკლები სიზუსტით, ნიუანსითა და სიცხადით გამოხატავს, ვიდრე ის საზოგადოება, რომლის კომუნიკაციის ინსტრუმენტი, სიტყვა, სხვადასხვა ლიტერატურული ტექსტის გააზრების შედეგად დამუშავებულა, დახვეწილა და სრულყოფილა. კაცობრიობას რომ ლიტერატურა არ ჰქონოდა, ადამიანებს შორის კომუნიკაცია ყრუ–მუნჯთა და აფაზიით დაავადებულთა შორის საუბარს დაემსგავსებოდა, რადგან მათი ენა დაუმუშავებელი, ნედლი და ელემენტარული იქნებოდა. ეს აზრი თითოეულ ადამიანზე შეგვიძლია განვაზოგადოთ. ადამიანი, რომელიც არ კითხულობს, ან კითხულობს ძალიან ცოტას, ან კითხულობს ნაგავს, ენაბლუა: მან შეიძლება ძალიან ბევრი ილაპარაკოს, მაგრამ ძალიან ცოტა თქვას, რადგან მისი სიტყვათა მარაგი სრულყოფილად თვითგამოხატვისათვის არასაკმარისია.

საქმე არ ეხება მხოლოდ ვერბალურ შეზღუდულობას. ასეთ ადამიანს ინტელექტისა და წარმოსახვის უნარიც შეზღუდული აქვს. მისი ნააზრევი გაღარიბებულია იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ იდეები და კონცეფციები, რომელთა წყალობითაც ჩვენი არსებობის საიდუმლოებებს ჩავწვდებით, სიტყვების გარეშე არ არსებობს. სწორად, ღრმად, მკაცრად თუ ფაქიზად საუბარს ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ კარგი ლიტერატურა გვასწავლის. არც ერთ სხვა დისციპლინას ამის ძალა არ შესწევს. იმისათვის, რომ სწორად ვიმეტყველოთ, მრავალფეროვანი სიტყვათა მარაგი გვქონდეს და ყველა იდეისა თუ ემოციის შესაბამისად გამოხატვა შევძლოთ, ბევრი უნდა ვიფიქროთ, ვისწავლოთ, ვიოცნებოთ და ვიგრძნოთ. ჩვენს ყველა საქციელში, ისეთშიც კი, რასაც მეტყველებასთან კავშირი არ აქვს, შეფარვით გამოიხატება სიტყვები. და როდესაც, ლიტერატურის დახმარებით, ენა დაიხვეწა და განვითარების უმაღლეს დონეს მიაღწია, ამან მეტი საშუალება მისცა ადამიანს ცხოვრებით ტკბობისა.

ლიტერატურამ სიყვარულს, ლტოლვასა და თავად სექსუალურ აქტსაც მეტი სილამაზე შესძინა. რომ არა ლიტერატურა, არ იარსებებდა ეროტიზმი. სიყვარული და სიამოვნება უფრო ღარიბი იქნებოდა, დააკლდებოდა დელიკატურობა და ბრწყინვალება, არ ექნებოდა ის ძალა, რასაც ლიტერატურული ფანტაზია სძენს. არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ წყვილი, რომელსაც გარსილასო, პეტრარკა, გონგორა ან ბოდლერი წაუკითხავს, უფრო მეტად დააფასებს სიყვარულს და მეტ სიამოვნებას მიიღებს მისგან, ვიდრე ის წყვილი, რომელიც სატელევიზიო საპნის ოპერებმა იდიოტებად აქცია. გაუნათლებელთა სამყაროში სიყვარულსა და ვნებას ცხოველური ინსტიქტების დაკმაყოფილებაზე მეტი ღირებულება არ გააჩნია.

ლიტერატურის ჩანაცვლება ვერც აუდიოვიზუალურმა მედიამ შეძლო. მწერლური სამყაროსაგან განსხვავებით, მან სიტყვები მეორე პლანზე გადაიყვანა, ისინი იმიჯებს დაუქვემდებარა და მხოლოდ ზეპირ გამოხატულებად აქცია. ტელევიზიაში მოხვედრილი ყველა ლიტერატურული გადაცემა თუ ფილმი, რბილად რომ ვთქვათ, მოსაწყენია. ლიტერატურული გადაცემები რადიოსა თუ ტელევიზიაში ნაკლებად იზიდავს მსმენელს ან მაყურებელს. ერთადერთი გამონაკლისი, რაც მე გამიგია, საფრანგეთში ბერნარდ პივოს გადაცემა "აპოსტროფებია". და ეს მაფიქრებინებს, რომ ლიტერატურის ბედი, რომელიც ერთადერთი წყაროა სრულყოფილი ცოდნისა და მეტყველების მისაღწევად, მტკიცედ არის დაკავშირებული წიგნის მომავალთან – საგნისა, რომელსაც ბევრი დღეს დრომოჭმულად მიიჩნევს.

ამ მოსაზრებას მივყავართ ბილ გეიტსთან. ის არც ისე დიდი ხნის წინ მადრიდში იყო და ესტუმრა ესპანეთის სამეფო აკადემიას, რომელმაც "მაიკროსოფტთან" თანამშრომლობა დაიწყო. სხვა რამეებთან ერთად, გეიტსმა აკადემიის წევრებს პირადად მისცა გარანტია, რომ კომპიუტერული ენიდან ესპანური "fl"-ის ამოღებას არ დაუშვებდა. ამ დაპირებამ მსოფლიოს ხუთ კონტინენტზე მცხოვრები 400 მილიონი ესპანურენოვანი მოსახლეობა შვებით ამოასუნთქა, რადგან კიბერსამყაროდან ასეთი მნიშვნელოვანი ასოს ამოღება მნიშვნელოვან პრობლემებს შექმნიდა. თუმცა აკადემიის შენობა დატოვებულიც არ ჰქონდა, როცა გეითსმა, ესპანურ ენასთან ამხელა დათმობაზე წასვლის შემდეგ, პრესასთან თავისი ყველაზე დიდი მიზნის შესრულებაზე ისაუბრა. ეს მიზანი, როგორც თავად განმარტა, ქაღალდისა და შემდეგ კი, წიგნების გაქრობაა.

მისი აზრით, წიგნი ანაქრონისტული ნივთია. გეიტსი მიიჩნევს, რომ კომპიუტერის ეკრანს ყველა იმ ფუნქციის შესრულება შეუძლია, რისიც ფურცელს. ასევე მან აღნიშნა, რომ კომპიუტერი ბევრად უფრო მსუბუქია, ნაკლებ ადგილს იკავებს და ამიტომ ტრანსპორტირებისთვისაც მოსახერხებელია. გაზეთებიდან და წიგნებიდან ახალი ამბებისა და ლიტერატურის ელექტრონულ მედიაში გადასვლა კი მსოფლიო ეკოლოგიას წაადგება, შეჩერდება ტყეების ჩეხვა, რისი ერთ–ერთი მიზეზიც ქაღალდის ინდუსტრიაა. გეიტსმა მსმენელებს უთხრა, რომ ხალხი კითხვას აუცილებლად გააგრძელებს, თუმცა ამას კომპიუტერის ეკრანზე გააკეთებს და შესაბამისად გარემოში მეტი ქლოროფილიც გვექნება.

გეიტსის ამ პრესკონფერენციას არ დავსწრებივარ, მისი ნათქვამი პრესაში წავიკითხე. იქ რომ ვყოფილიყავი, მას აუცილებლად დავუსტვენდი, რადგან თავისი უსირცხვილო განცხადებებით მე და ჩემს კოლეგა მწერლებს უმუშევრად გვტოვებს. მას აუცილებლად შევეკამათებოდი. ნამდვილად ფიქრობს, რომ კომპიუტერის ეკრანს წიგნის ჩანაცვლება ყველა ასპექტში შეუძლია? მე ასე ვერ ვიტყოდი. ძალიან კარგად ვიცი, რამხელა გავლენა მოახდინა ინტერნეტისა და სხვა ახალი ტექნოლოგიების გამოგონებამ კომუნიკაციისა და ინფორმაციის გაზიარების სფეროში. ვაღიარებ იმასაც, რომ ინტერნეტი მუშაობაში ძალიან მეხმარება; თუმცა მიუხედავად მადლიერებისა ამ ყველაფრის გამო, არ მიმაჩნია, რომ ელექტრონულ ეკრანზე კითხვა წიგნის კითხვას ოდესმე ჩაანაცვლებს. ეს არის ხაზი, რომელსაც ვერ გადავაბიჯებ. ვერაფრით მივიღებ შეხედულებას, რომ უსულო კომპიუტერის ეკრანზე გამოხატული სიტყვებისაგან იმავე ინტიმური ემოციებისა და შეგრძნებების მიღება შეგვიძლია, როგორც წიგნებიდან.

შესაძლოა ეს მცდარი აზრია, რომელიც კომპიუტერთან ნაკლები შეხებით, წიგნებთან კი ხშირი ურთიერთობით ჩამომიყალიბდა. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ახალი ამბების მისაღებად ხშირად ვსტუმრობ ინტერნეტს, ვერაფრით წარმომიდგენია, კომპიუტერში ვიკითხო გონგორას ლექსი, ონეტის რომანი ან პაცის ესე, რადგან დარწმუნებული ვარ,  ამ წაკითხვას იგივე ეფექტი არ ექნება. სავსებით მჯერა, თუმცა ამის დამტკიცება არ შემიძლია, რომ წიგნის გაქრობით ლიტერატურა ძალიან დიდ, შესაძლოა სასიკვდილო დარტყმასაც მიიღებს. ცხადია, ტერმინი "ლიტერატურა" არ გაქრება, თუმცა ის დღევანდელი ტექსტებისაგან ისევე იქნება დაშორებული, როგორც სატელევიზიო საპნის ოპერები შექსპირისა და სოფოკლეს ტრაგედიებისაგან.

არსებობს კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რატომაც მიმაჩნია, რომ ლიტერატურას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ყველა ერის ცხოვრებაში. მის გარეშე კრიტიკული აზროვნება – ყველა ისტორიული ცვლილების მთავარი მამოძრავებელი და თავისუფლების საუკეთესო დამცველი – უდიდეს დანაკარგს განიცდიდა, რადგან ყველა კარგი ლიტერატურული ნაწარმოები რადიკალურია, ისინი კრიტიკულ კითხვებს წარმოშობს იმ სამყაროს შესახებ, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. ყველა დიდ ლიტერატურულ ტექსტში, ავტორის სურვილის მიუხედავად, მეამბოხე სული გამოსჭვივის.

ლიტერატურა ახალს ვერაფერს მისცემს ადამიანებს, ვინც იმთავითვე კმაყოფილია იმით, რაც აქვს. ის საზრდოა მეამბოხე სულისთვის, ნონ–კონფორმიზმისთვის, თავშესაფარია მათთვის, ვისაც ძალიან ბევრი ან ძალიან ცოტა აქვს. ადამიანი ლიტერატურაში ეძებს შვებას, რათა აღარ იგრძნოს თავი უბედურად და არასრულყოფილად. ის ლა მანჩის ველებზე მოგზაურობს ჯაგლაგ როსინანტთან და მწუხარე რაინდთან ერთად, გადაცურავს ზღვებსა და ოკეანეებს ვეშაპის ზურგით კაპიტან აჰაბთან ერთად, სვამს დარიშხანს ემა ბოვარისთან ერთად, გრეგორ ზამზასთან ერთად იქცევა მწერად: ეს არის ის საშუალებები, რაც ჩვენ გამოვიგონეთ, რათა აღვწეროთ ცხოვრების უსამართლობა, ცხოვრებისა, რომელიც გვაიძულებს, ვიყოთ ერთი , მაშინ როცა გვსურს, ვიყოთ ბევრი ჩვენი ყველა სურვილის დასაკმაყოფილებლად.

ლიტერატურა ცხოვრებით უკმაყოფილებას მხოლოდ დროებით აცხრობს, მაგრამ ამ დროის განმავლობაში მას გადავყავართ უწონადობაში, ისტორიის საზღვრებს მიღმა, და გვაქცევს ისეთი სამყაროს ნაწილად, სადაც არ არსებობს დრო, ანუ გვაქცევს უკვდავებად. ვხდებით უფრო მდიდარი, ბედნიერი და სრულყოფილი, ვიდრე ჩვეულებრივ ვართ ჩვენი ცხოვრების ყოველდღიურ რუტინაში. როდესაც წიგნს ვხურავთ, წარმოსახვით სამყაროს ვტოვებთ და რეალობას ვუბრუნდებით, დიდი იმედგაცრუება გვეუფლება. თუმცა ამავდროულად იმასაც ვაცნობიერებთ, თუ რაოდენ უკეთესია გამოგონილი სამყარო – როგორი ლამაზი და მრავალფეროვანია იმასთან შედარებით, რაც გვაქვს. ამ კუთხით თუ შევხედავთ, ნამდვილი ლიტერატურა ყოველთვის მეამბოხე და დაუმორჩილებელია რეალობის მიმართ. 

როგორ შეიძლება, თავი არ ვიგრძნოთ მოტყუებულად, როცა წავიკითხავთ "ომსა და მშვიდობას" ან "დაკარგული დროის ძიებაში" და შემდეგ თავს ამოვყოფთ რეალობაში, რომელიც ყოველი ფეხის ნაბიჯზე ანგრევს ჩვენს ილუზიებს. კულტურისა და ენის გამდიდრებაზე მეტად, ლიტერატურის მთავარ დანიშნულებას წარმოადგენს ადამიანისთვის იმის შეხსენება, რომ სამყარო ცუდად არის მოწყობილი. ძლიერნი ამა ქვეყნისანი, ვინც  საწინააღმდეგოს ამტკიცებენ, უბრალოდ იტყუებიან. ლიტერატურა გვახსენებს, რომ ჩვენ შეგვიძლია გარემო უკეთესი გავხადოთ. თავისუფალ და დემოკრატიულ საზოგადოებას ასეთი ინდივიდები სჭირდება – ვინც ყველგან და ყოველთვის გააკრიტიკებს თავის ყოფას და მოისურვებს მის გაუმჯობესებას. ამისათვის კი არ არსებობს ლიტერატურაზე უკეთესი გზა. არ არსებობს სხვა საშუალება, რომელიც დამოუკიდებელ და თავისუფალ მოქალაქეებს ჩამოაყალიბებს. ისეთებს, ვისით მანიპულირებაც მთავრობებს არ შეუძლიათ.

მიუხედავად ზემოთ თქმულისა, ეს არ ნიშნავს, რომ ლიტერატურა ადამიანებს რევოლუციისკენ მოუწოდებს (რისი შიშიც მთავრობას და ეკლესიას აქვთ და სწორედ ამიტომ ცდილობენ ცენზურის დაწესებას). ლექსის, პიესის თუ რომანის პოლიტიკურ და სოციალური ეფექტის წინასწარ განჭვრეტა შეუძლებელია, რადგან მათ ერთი ინდივიდი წერს და სულ სხვადასხვანაირად აღიქმება სხვადასხვა ინდივიდის მიერ. გარდა ამისა, ნაწარმოების სოციალურ ეფექტს არანაირი კავშირი არ აქვს მის ესთეტიკურ ღირებულებასთან. მაგალითად, ჰარიეტ ბიჩერ სტოუს ერთმა საშუალო დონის რომანმა ამერიკის შეერთებულ შტატებში მონობის გაუქმებაში უდიდესი როლი ითამაშა. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს შედეგი იმ ადამიანებმა მოიტანეს, რომელთა ცნობიერებისა და ქცევების ჩამოყალიბებაში გარკვეული წვლილი წიგნებმაც შეიტანეს.

კარგი ლიტერატურა ადამიანს ცხოვრებით დაუკმაყოფილებლობისაგან დროებით კი ათავისუფლებს, მაგრამ მის მიმართ კრიტიკულად და ნონ–კონფორმისტულად განაწყობს, რითაც საბოლოოდ დაუკმაყოფილებლობა კიდევ უფრო უძლიერდება. იმის თქმაც კი შეგვიძლია, რომ დიდი შანსია, ლიტერატურამ ადამიანი უბედურად აქციოს. მან შეიძლება ომი გამოუცხადოს ყოფიერებას, იბრძოლოს მიუღწეველი მიზნებისთვის, ისე, როგორც იბრძოდა პოლკოვნიკი აურელიანო ბუენდია "მარტოობის ას წელიწადში" – იბრძოლოს მაშინაც, როცა წინასწარვე კარგად უწყის, რომ დამარცხდება. ეს ყველაფერი შეიძლება სიმართლეა. მაგრამ ამავე დროს სიმართლეა ისიც, რომ უფერული ცხოვრებისა და სიღარიბის წინააღმდეგ აჯანყების გარეშე დღესაც პრიმიტიულ სახელმწიფოში ვიცხოვრებდით და ისტორია უბრალოდ გაჩერდებოდა. არ იარსებებდა დამოუკიდებელი ინდივიდი, მეცნიერება და ტექნოლოგიები წინ ვერ წავიდოდა, არ იარსებებდა ადამიანის უფლებები და თავისუფლება. ამ ყველაფერს ადამიანმა უკმაყოფილების, წინააღმდეგობისა და დაუმორჩილებლობის წყალობით მიაღწია. ეს არის დონ კიხოტის გზა.

როდესაც "დონ კიხოტი" პირველად გამოჩნდა საზოგადოებრივ ასპარეზზე, რომანის ექსტრავაგანტული მთავარი გმირი და სხვა პერსონაჟები ბევრი ქილიკის მიზეზი გახდნენ. დღეს ჩვენ კარგად ვიცით, რომ კეთილშობილი კაბალიეროს დაჟინება, გოლიათები დაენახა იქ, სადაც ქარის წისქვილები იყო, უბრალოდ პროტესტის ერთ–ერთი ფორმაა სამყაროს უბადრუკობის მიმართ მისი შეცვლის იმედით. ჩვენი წარმოდგენები იდეის, იდეალების მიმართ, რაც პოზიტიურ კონოტაციას ატარებს, არ იქნებოდა ასეთი, ეს ღირებულებები რომ არ განსხეულებულიყო რომანის პროტაგონისტში სერვანტესის გენიის დახმარებით. იგივე შეიძლება ითქვას დონ კიხოტის ქალ ვერსიაზე, ემა ბოვარიზე, რომელიც მთელი ძალით ცდილობდა მიეღწია ისეთი ვნებითა და სიმდიდრით აღსავსე ცხოვრებისათვის, როგორიც წიგნებში ამოეკითხა. პეპლის მსგავსად, ის კოცონთან ძალიან ახლოს მივიდა და ცეცხლში დაიწვა.

ყველა დიდი ნაწარმოები გვაფიქრებს ჩვენი ცხოვრების ისეთ ასპექტებზე, რაზეც ადრე არასოდეს გვეფიქრა. ისინი გვეხმარება ადამიანური ქაოსის უფრო უკეთ ჩაწვდომაში. როდესაც ვამბობთ სიტყვა "ბორხესულს", ეს გულისხმობს ჩვენი გონების დაშორებას რეალობის რაციონალური წესრიგიდან და მის გადასვლას ფანტასტიკურ სამყაროში, რომლის ლაბირინთებიც უამრავი ლიტერატურული ალუზიითაა დახუნძლული და მასში გაგნებას ისევ ბორხესისგან ნასწავლი ჩვენი სულის სიღრმეებისა და სურვილების ამოცნობით ვახერხებთ. როდესაც თავში სიტყვა "კაფკაური" მოგვდის, წარმოგვიდგება დაუცველი, საფრთხის ქვეშ მყოფი ინდივიდი, რომელიც მუდმივად ძალაუფლების წნეხის ქვეშ არის. იმ წნეხისა, რომელმაც უამრავი უსამართლობა მოუტანა თანამედროვე სამყაროს – საუბარი მაქვს ავტიროტარულ რეჟიმებზე, არატოლერანტულ ეკლესიაზე, მხუთავ ბიუროკრატიაზე. ამ პრაღელი ებრაელის გარეშე, რომელიც თავის მოთხრობებს გერმანულად წერდა და რომელსაც მთელი ცხოვრება ზურგს უკან ყურება უწევდა, ვერასოდეს გავითავისებდით ინდივიდის უმწეობას, დევნილი და დისკრიმინირებული უმცირესობების გაჭირვებას, რომელთა განადგურებაც სისტემას საკუთარი სახის გამოჩენის გარეშე შეუძლია.

ზედსართავი სახელი "ორუელური", რომელიც "კაფკაურის" პირველი ბიძაშვილია, გამოუთქმელ ტანჯვას, აბსურდს აღნიშნავს, რისი შეგრძნებაც ადამიანში მეოცე საუკუნის ტოტალიტარულმა რეჟიმებმა გააჩინა – ყველაზე დახვეწილმა და სასტიკმა, რომელიც ადამიანის სხეულთან ერთად მისი გონების მართვასაც ესწრაფვოდა. "1984"–ში ჯორჯ ორუელი აღწერს საზოგადოებას, რომელიც მორჩილებს დიდ ძმას, აბსოლუტურ ღვთაებას. მან ძალადობისა და ტექნოლოგიების გამოყენებით ადამიანის შეგნებიდან სრულიად გააქრო თანასწორობის, თავისუფლების გრძნობები და ისინი მართულ რობოტებად აქცია. ამ საშინელ სამყაროში ენაც კი სისტემას მორჩილებს, ის დაცლილია ყოველგვარი ინდივიდუალიზმისგან და ადამიანის დამონებას ემსახურება. მართალია, "1984"–ში აღწერილმა სისტემამ კრახი განიცადა საბჭოთა კავშირში, ფაშისტურ გერმანიაში, შევიწროვდა ჩინეთში, კუბასა და ჩრდილოეთ კორეაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ საფრთხე გამქრალია. სიტყვა "ორველური" კვლავ აღწერს ამ საფრთხეს და გვეხმარება მის გათავისებაში.

ამრიგად, ლიტერატურული გამოგონება, ლიტერატურული ტყუილები ადამიანის ფარული ჯურღმულებისაკენ მიმავალი გზაა. სიმართლე, რომელსაც იქ ვკითხულობთ, ყოველთვის სასიამოვნო არ არის. ზოგჯერ რომანებიდან და ლექსებიდან დანახულ სარკეში საკუთარი თავის ნაცვლად მონსტრებს ვხედავთ. ეს ხდება მაშინ, როდესაც დე სადის, მაზოხის, ბატალის მიერ აღწერილ საშინელ სამყაროს ვეცნობით. ზოგჯერ წაკითხული იმდენად ძალადობრივი და სასტიკია, რომ გვზარავს. თუმცა ყველაზე ცუდი ამ წიგნებში არა სისხლი და სისასტიკეა, არამედ იმის აღმოჩენა, რომ ეს ძალადობა ჩვენთვის უცხო არ არის, ის კაცობრიობის განუყოფელი ნაწილია. ეს მონსტრები ჩვენი სულის ყველაზე ბნელ კუნჭულში იმალებიან. ისინი ცდილობენ ამ ჩრდილიდან გამოსვლას, საკუთარი არსების გამოხატვას, რაც ანადგურებს რაციონალურობას, საზოგადოებას და ეგზისტენციასაც კი. სხვათაშორის, ადამიანის გონების ეს შავბნელი, დესტრუქციული ნაწილი არა მეცნიერებამ, არამედ ლიტერატურამ აღმოაჩინა. სამყარო ლიტერატურის გარეშე უბრალოდ ვერ დაინახავდა ჩვენი სულის ბნელ სიღრმეებს, რომელთა დანახვაც აუცილებელია.

არაცივილურ, ბარბაროსულ, უგრძნობ, უსიყვარულო და უსიტყვო სამყაროში, სამყაროში ლიტერატურის გარეშე, როგორსაც ახლა აღვწერ, მთავარი დაფასებული თვისება კონფორმიზმი და ძალაუფლებისადმი მორჩილება იქნება. ეს იქნება წმინდად ცხოველური სამყარო. ყოველდღიურობას გადარჩენისათვის ბრძოლა, ინსტიქტების დაკმაყოფილება და გაურკვევლობის შიში წარმართავს. ამ სამყაროში ადგილი აღარ იქნება სულისთვის. გარდა ამისა, ცხოვრების დამანგრეველ მონოტონურობას თან გასდევს განუკურნებელი პესიმიზმი, რომ კაცობრიობა იქამდე მივიდა, სადამდეც უნდა მისულიყო, რომ ყოველთვის ასე იქნება და ამ რეალობას ვეღარაფერი შეცვლის.

როდესაც ასეთ გამოგონილ სამყაროს წარმოვიდგენთ, ალბათ თვალწინ ლათინური ამერიკის, ოკეანეთის და აფრიკის ჯუნგლებში მყოფი მცირე რელიგიური სექტები წარმოგვიდგება. თუმცა მე სხვა მარცხი მაქვს მხედველობაში. ჯოჯოხეთს, რომელზეც მე ვსაუბრობ, არა განუვითარებლობა, არამედ ზედმეტი განვითარება წარმოშობს. ტექნოლოგიის განვითარება და მასზე ჩვენი დამოკიდებულება საბოლოოდ მოიტანს სამყაროს, რომელშიც მხოლოდ კომპიუტერული ეკრანები და ხმის გამაძლიერებლები არსებობს და იქ აღარ არის წიგნების ადგილი. ლიტერატურა ხდება იგივე, რაც ფიზიკის ერაში ალქიმია იყო. ის კატაკომბებში განიდევნება. ვშიშობ, ეს კიბერნეტიკული სამყარო, თავისი აყვავების, სიძლიერისა, ცხოვრების მაღალი დონისა და მეცნიერული მიღწევების მიუხედავად, აღარ იქნება ადამიანებით დასახლებული. მასში იცხოვრებენ უსულო რობოტები, რომლებმაც თავისუფლებაზე საკუთარი ნებით თქვეს უარი.

ცხადია, მეტად საეჭვოა, ეს შემზარავი უტოპია რეალობაში გაცოცხლდეს. ჩვენი ამბის, ჩვენი ისტორიის დასასრული ჯერ არ დაწერილა და არ გადაწყვეტილა. ის, თუ რანი გავხდებით, მთლიანად ჩვენს ხედვებსა და სურვილებზეა დამოკიდებული. თუმცა თუ გვსურს, რომ თავიდან ავირიდოთ წარმოსახვის გაღარიბება, არ დავკარგოთ დაუკმაყოფილებლობის გრძნობა, უკეთესისკენ სწრაფვა და არ შევასუსტოთ ჩვენი თავისუფლება, მაშინ უნდა ვიმოქმედოთ. უფრო ზუსტად რომ ვთქვა, უნდა ვიკითხოთ.

No comments:

Post a Comment